ფეხბურთი

23:02 | 2.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის გამარჯვების გოლი და გიორგი ლორიას 90 წუთი (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას XXVI ტურში "ვისლამ" გამარჯვება გიორგი მერებაშვილის გოლით მოიპოვა. პლოცკელებმა სტუმრად "ტერმალიცას" აჯობეს (2:1), ხოლო გადამწყვეტი გოლი 83-ე წუთზე ქართველი შემტევის ანგარიშზეა. გიორგიმ მცველის უყურადღებო თამაშით მშვენივრად ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მერებაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

ეს გოლი 31 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში მეოთხე გამოდგა (25 მატჩში), ამასთან 5 საგოლე გადაცემაც აქვს აქტივში.

რაც შეეხება შეხვედრას - პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში "ვისლამ" გამარჯვება მაინც მოიპოვა. "ტერმალიცას" რიგებში განაცხადში არ ყოფილა ნიკა კვანტალიანი, რომელიც პოლონურ გუნდს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა და ორი კვირის წინ დებიუტიც ჰქონდა.

"ვისლას" 26 თამაშში 39 ქულით მეექვსე ადგილი უკავია, ხოლო "ტერმალიცა" 25 ქულით მეთოთხმეტე პოზიციაზეა.

ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა რუსეთის პრემიერლიგა. 21-ე ტურის სასტარტო მატჩი მახაჩყალაში გაიმართა, სადაც "ანჟი" და ყაზანის "რუბინი" დაზავდნენ - 1:1. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ, რომელიც ურიგოდ არ გარჯილა. გოლი კი, 36-ე წუთზე იველინ პოპოვისგან გაუშვა. ბულგარელი ახლო მანძილიდან დაემუქრა ჩვენებურს კარს და ლორია ახლოს იყო ბურთის მოგერიებასთან, მაგრამ ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის.

"ანჟის" 21 თამაშში მოპოვებული 20 ქულით მე-14 ადგილი უკავია და პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვის.

0.12663