ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს. ეს ინფორმაცია ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ იბრა “ოლდ ტრაფორდზე” ბოლო თვეებს ატარებს.
“ზლატანი მოედანზე მხოლოდ მაშინ დაბრუნდება, როდესაც შესაფერისი მომენტი იქნება. ვფიქრობ, ეს მისი ბოლო სეზონია “მანჩესტერში”, ყველა ვფიქრობთ, რომ აქ ბოლო თვეებს ატარებს. სამწუხაროა, რომ ტრავმამ ხელი შეუშალა, რომ დაგვხმარებოდა. არ ვიცი, კარიერას დაასრულებს თუ არა, ეს მისი ცხოვრებაა და მისივე გადასაწყვეტია”, - თქვა მოურინიომ.
სამაგიეროდ, იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებს უბრუნდება. ამაზე თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ დაუძახებენ, სიამოვნებით დაუბრუნდება ნაკრებს.
“თუ მიმიწვევენ, მე მზად ვარ. მაგრამ არ მინდა, რომ მხოლოდ იმიტომ გამომიძახონ, რომ ვიღაც ვარ”, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
36 წლის იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა 2016 წელს დაასრულა. ამავე წლიდან თამაშობს “მანჩესტერ იუნაიტედში”, რომლის რიგებშიც მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა.