ფეხბურთი

13:55 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მჭედლიშვილი: "საქართველოს ნაკრები ჩემი ოცნებაა"
"საქართველოში უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ, მაგრამ ევროპაში თამაში ვამჯობინე"

საქართველოს ეროვნული ლიგაში ბოლო პერიოდში გიორგი მჭედლიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული მცველი იყო. “სამტრედიამ” 2016 წელს ჩემპიონის ტიტული რომ მოიპოვა, ამაში 26 წლის მარჯვენა ფლანგელის საკმაო წვლილი გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზიცია საქართველოს ნაკრებისთვის აქილევსის ქუსლი იყო ან არის, გიორგისთვის შანსი დღემდე არ მიუციათ. მჭედლიშვილი კი, ზამთრის სატრანსფერი პერიოდში საქართველოდან წავიდა და ხორვატიის მეორე დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ “გორიცაში” ჩაირიცხა.

ბალკანეთში ფეხბურთი საკმაოდ მაღალ დონეზეა და გიორგიც მიიჩნევს, რომ უკეთეს გუნდში მოხვედრა, ეროვნულ ნაკრებში თამაში, ევროპიდან უფრო გაუდვილდება. მოკლედ, WORLDSPORT.GE მას ხორვატიაში დაუკავშირდა და ჩვენს შორის საინტერესო საუბარი შედგა, რომელიც იქაური შთაბეჭდილებებით დაიწყო.

ადაპტაცია – რა თქმა უნდა, თავიდან უცხო ქვეყანაში როცა ჩადიხარ, ადვილი არაა გარემოსთან შეგუება, გუნდთან და ა.შ, მაგრამ აქ სხვა მდგომარეობა დამხვდა. ვფიქრობ, ადაპტაცია კარგად და მარტივად გავიარე. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ბიჭებიც კარგად შემხვდნენ, მწვრთნელებიც და ყველა ვინც კლუბში მუშაობს. ჯერ სეზონის მეორე ნახევარი არ დაწყებულა, მაგრამ რამდენიმე ამხანაგური თამაში ვითამაშე.

კომუნიკაცია – ვინაიდან, ინგლისურ ენაზე ლაპარაკი ნორმალურად შემიძლია და ამიტომ, ენობრივი ბარიერი არ მაქვს. ხორვატებმა თითქმის ყველამ იცის ინგლისური და გარდა ამისა, გუნდში რამდენიმე ლეგიონერიცაა. ამ მხრივ არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი.

სამწვრთნელო შტაბის ხედვა – ვფიქრობ, მწვრთნელს (დამირ გრლიჩი – რედ) მოსწონს ჩემი თამაში და თითქმის ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვსაუბრობთ. უკვე მომიაზრებს კიდეც ძირითად შემადგენლობაში. მითხრა, რომ კმაყოფილია ჩატარებული ამხანაგური თამაშებით, ვარჯიშებით. უბრალოდ, ჩემი კონკურენტია გუნდის კაპიტანი ჰრვოიე იანჩეტიჩი, რომელიც 37 წლისაა და სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს. ჩემი აზრით, თუ რამე არ შეიცვალა, ძირითადში მაინც მე უნდა ვითამაშო. ყოველშემთხვევაში, გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს და ამას პატივს ვცემ.

საფეხბურთო ხორვატია – ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ პროფესიონალები არიან. თითოეული ფეხბურთელი ვარჯიშზეც ბოლომდე იხარჯება. რაც შეეხება შედარებას, როდესაც სეზონის განახლდება, მერე უფრო შემეძლება ამაზე საუბარი.

სავარჯიშო პირობები – იდეალური არაა, მაგრამ ნორმალურია. გვაქვს ბუნებრივი და ხელოვნურ საფარიანი სავარჯიშო მოედნები. თუ პირველ დივიზიონში (იქაური უმაღლესი ლიგა – რედ) გადავალთ, დარწმუნებული ყველაფერი იდეალურად იქნება.

კონტრაქტი – კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს, მაგრამ შეგვიძლია 1 წლით გახანგრძლივდეს. ეს, იმ შემთხვევაში თუ პირველ დივიზიონში გადავალთ. ვფიქრობ, მაინც უმაღლესი დონეა და მინდა იქ თამაში.

ბრძოლა I დივიზიონისთვის – შანსი მართლაც გვაქვს და ძალიან რეალური. ერთი გუნდი გადადის და ლიდერი ზაგრების “დინამოს” მეორე გუნდია, რომელსაც აღზევების უფლება არ აქვს. 4-5 გუნდს კი თანაბარი შანსი გვაქვს. ვნახოთ, თავდამსხმელის პრობლემა იყო “გორიცაში” და ეს პოზიციაც შევსებულია.

რატომ “გორიცა” – საქართველოდან ძალიან ბევრი წინადადება მქონდა, მაგრამ არ მინდოდა. ამ ეტაპზე მსურდა ევროპაში მეთამაშა, თუნდაც ეს მეორე დივიზიონი ყოფილიყო. რატომ? – ძალიან მინდა გამომიძახონ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და თამაშის შანსი მომცენ. ეს ჩემი ოცნებაა და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. სიმართლე გითხრათ, ამაზე კარგ პირობებს ქართული გუნდები მთავაზობდნენ, მაგრამ უარი ვთქვი.

გზა ეროვნული ლიგიდან ეროვნულ ნაკრებამდე – დიახ, ვფიქრობ, რთულია ეროვნული ლიგიდან ნაკრებში მოხვედრა, რადგან დაბალ დონედ ითვლება... არადა, ძალიან კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ, რომელთაც შეუძლიათ ევროპაშიც ითამაშონ და ნაკრებსაც გამოადგნენ. თუმცა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, რატომ ხდება ასე. ჩემი აზრით, ეროვნული ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებში შანსი უნდა მიეცეთ.

ხორვატიაში შემჩნევის იმედი – ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბიდან ახლა უფრო უნდა იყოს დაინტერესება. მე რაც შემიძლია მაქსიმუმს ვაკეთებ და გავაკეთებ ყოველთვის, სადაც უნდა ვითამაშო. რა თქმა უნდა, მომავალზეც მაქვს აქცენტი გაკეთებული და თუ კარგად ვითამაშებ “გორიცაში”, დიდი შანსია სკაუტებმა შემამჩნიონ, უკეთეს გუნდში გადავიდე.

“სამტრედია” – ძალიან დიდი მადლობა გია ცეცაძეს და თემურ ლორთქიფანიძეს, მთლიანად სამტრედიელ გულშემატკივარს ყველას. ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა მადლობა ვუთხრა სამტრედიაში დასაქმებულ ადამიანებს პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითით დამთავრებული. ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. “სამტრედიასთან” ერთად გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი, მოვიგე სუპერთასი. მადლობის მეტი მართლაც არაფერი მეთქმის. იქ გატარებული პერიოდი ყოველთვის ტკბილად გამახსენდება.

ქართული ფეხბურთის პრობლემა – ძნელია გამოარჩიო, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ბევრი კარგი გააკეთა, რომ ხალხი დააინტერესოს, თუნდაც პირდაპირი ეთერებით და ეს ძალიან მომწონს... მთავარი პრობლემა ალბათ კლუბების უმეტესობა ფედერაციის იმედზეა. აუცილებელია გუნდს ჰყავდეს მფლობელი, რომელიც რამდენიმე კარგ ლეგიონერსა ჩამოიყვანდა და ეს დონის ამაღლებასაც გამოიწვევდა. ფონდიდან გამოყოფილი თანხა ძირითადად ხელფასებში იხარჯება, მაშინ, როცა ეს პირიქით უნდა ყოფილიყო და ეს თანხა სხვა ნიუანსებს მოხმარებოდა.

ფავორიტი მარჯვენა მცველი – ძალიან მომწონს დანი ალვეშის თამაში და ვფიქრობ, დღეს საუკეთესოა ამ პოზიციაზე. თუმცა, გამოვყოფდი კაილ უოლკერსაც, რომელიც დაცვაშიც დამაჯერებელია და შეტევებშიც კარგად ერთვება, ფიზიკურად ძალიან ძლიერია.

ფავორიტი გუნდი – ბავშვობიდან დღემდე “მილანის” გულშემატკივარი ვარ და არჩევანი ჩემზე რომ იყოს, რაღა თქმა უნდა, სერია A-ში, “მილანში” ვითამაშებდი (იღიმის).

0.145994