ფეხბურთი

10:00 | 1.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - თებერვლის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე. აქვე ერთიც უნდა აღვნიშნოთ: ეს 2018 წლის პირველი გამოკითხვაა. ვინაიდან, იანვარში ძირითადად მაინც ამხანაგური მატჩები იყო და ქართველ ფეხბურთელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ოფიციალურ შეხვედრებში არ უთამაშიათ, იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი არ გამოგვივლენია.

დეკემბერში კი ჩვენი გამოკითხვა სოლომონ კვირკველიამ მოიგო, რომელმაც დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს. საერთოდაც, "ლოკომოტივის" უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში მესამედ შეძლო თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვება, მაგრამ ამჯერად ნომინანტებშიც არაა. მარტივი მიზეზიზ გამო - კვირკველიამ თებერვალში ოდენ ორი ოფიციალური (ევროპა ლიგაზე) მატჩი ჩაატარა.

აქვე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს: ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი) და სოლომონ კვირკველია (დეკემბერი).

ახლა კი, 2018 წლის თებერვლის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ ქართველებისთვის თვე საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ექვსი კანდიდატი გვყავს. ჩვენი არჩევანი ასეთია და თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელს "თქვენ ირჩევთ"...

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია) – 5 თამაში, 3 გოლი – ეს ქვილითაიას მონაგარია თებერვალში. 24 წლის ფორვარდმა განსაკუთრებით თვის მიწურულს გამოიჩინა თავი. ჯერ ბუნდესლიგაში “ლინცს” დუბლი შეუსრულა და მისმა გუნდმა 2:0 მოიგო, ხოლო შემდეგ ავსტრიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა “რაპიდი” – გაუტანა რა, “რიდს” გამარჯვების გოლი (2:1).

ოთარ კაკაბაძე (“ხიმნასტიკი”, ესპანეთი) – ოთარ კაკაბაძეს მთლიანად სეზონი აქვს გამორჩეული. მაგალითად, იანვარში ორი ერთმანეთზე უკეთესი საგოლე პასით გამოირჩა. თებერვალში უფრო მეტიც შეძლო და სადებიუტო გოლი გაიტანა ესპანურ კარიერაში. ეს “ბარსელონა B”-სთან გააკეთა. გოლი კი, მართლაც ლამაზი გამოვიდა. კაკაბაძემ თებერვალში ოთხი მატჩი ჩაატარა.

ნიკა კაჭარავა (“კორონა”, პოლონეთი) – ნიკა კაჭარავას შედეგიანი თებერვალი ჰქონდა. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა გასულ თვეში 4 მატჩი ჩაატარა და ურიგოდ არ ირჯებოდა. ორი გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასიც მიითავალა.

გიორგი ჩაკვეტაძე (“გენტი”, ბელგია) – გიორგი ჩაკვეტაძე ნელ-ნელა “გენტის” შემადგენლობას უშინაურდება. 18 წლის ქართველმა თებერვალში ოთხჯერ ითამაშა და საგოლე პასით გამოირჩა. ეს “ბევერენთან” მატჩის ბოლო წუთზე, როდესაც იერემჩუკს ცარიელ კარში ჩინებული დრიბლინგის შედეგად გაატანინა და “გენტმა” იმ გოლით მოიგო. ისე, მანამდე, იანვარში გოლიც შეაგდო, რომელიც გასული თვის საუკეთესო გოლად დასახელდა.

ვაკო გვილია (“ლუცერნი”, შვეიცარია) – ვაკო გვილია “ლუცერნში” ახალი გადასულია, მაგრამ შვეიცარიის სუპერლიგის გუნდში ძირითად შემადგენლობაში უკვე ხვდება. 23 წლის ჩვენებურმა თებერვალში სამჯერ ითამაშა და “ლუცერნის” რიგებში ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ.

გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია) – ტრადიციულად დამაჯერებელი თვე ჰქონდა გურამ კაშიას. “ვიტესის” კაპიტანმა გასულ თვეში ხუთი შეხვედრა ჩაატარა ერედივიზიონში და სხვათა შორის, გოლიც გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი, როტერდამის “ფეიენოორდი” დაამწუხრა.

0.122867