გიორგი ქვილითაია კარგ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ქართველმა ფორვარდმა “რაპიდი” ავსტრიის თასის 1/2 ფინალში გაიყვანა. მეოთხედფინალურ ეტაპზე “რაპიდმა” საკუთარ მოედანზე “რიდი” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი წააგო, მეორე ნახევარში თამაში შემოაბრუნა.
ამაში დიდი წვლილი გიორგის მიუძღვის, რომელმაც 77-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა სტუმრებს. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე თავით ჩინებულად გაისარჯა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ქართველი ფეხბურთელი 90-ე წუთზე შეცვალეს და იქამდე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.
ქვილითაიას კარგი პერიოდი უდგას – ოთხი დღის წინ ავსტრიის ბუნდესლიგაში “ლინცთან” დუბლი გაიფორმა.