“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ პრემიერლიგაში გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა “არსენალთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გვარდიოლას თქმით, მის გუნდს ჯერ არაფერი მოუგია და სეზონის ბოლომდე კონცენტრაციით უნდა ითამაშოს.
“ჩვენ ვთამაშობთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულისთვის, პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის. პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგაზე, ასოციაციის თასზე და ლიგის თასზე გაცილებით მნიშვნელოვანია. კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, რადგან მომდევნო 6 თამაში ძალიან რთული იქნება თუ გადავხედავთ მეტოქეებს. ოთხი მატჩი სტუმრად გვაქვს და ჩვენ კარგ სიტუაციაში ვიმყოფებით, მაგრამ ჯერ გაფორმებული არაფერია კიდევ 6 თამაში უნდა მოვიგოთ “არსენალთან”, “ჩელსისთან”, “ტოტენჰემთან”, “მანჩესტერთან” და სტუმრად “სტოკთან”, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის – ეს ძალიან რთული იქნება. ასევე სათამაშო გვაქვს “გუდისონ პარკზე” “ევერტონთან”, ჯერ კიდევ მკაცრი თამაშები გველოდება.
“არსენალი” “ემირეითს სთედიუმზე” ძალიან ძლიერია. შესაძლოა, ახლა საუკეთესო პერიოდი არ უდგას, მაგრამ სახლში მართლაც ძლიერი გუნდია”, - განაცხადა გვარდიოლამ.
“არსენალისა” და “მანჩესტერ სიტის” შეხვედრა 1 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 3 დღის წინ დაუპირისპირდნენ ინგლისის ლიგის თასის ფინალში და “ქალაქელებმა” 3:0 გაიმარჯვეს.