ნეიმარის ტრავმა “პარი სენ ჟერმენსა” და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას შორის განხეთქილების მიზეზი გახდა. საქმე ისაა, რომ ფრანგული კლუბი ჯერჯერობით კატეგორიულ უარს აცხადებს, რომ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთდეს, ბრაზილიურ მხარეს კი პირიქით, სურს, რომ ნეიმარმა ოპერაცია გაიკეთოს, ტრავმისგან სრულად განიკურნოს და მუნდიალზე მისი თამაში საფრთხის ქვეშ არ დადგეს. ამ მიზნით, ბრაზილიის ნაკრების ექიმი პარიზსაც ეწვია.
თუ ნეიმარს ოპერაცია ჩაუტარდება თამაშს 2 თვე ვერ შეძლებს და მოედანზე სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში დაბრუნდება. თუმცა, პსჟ-ს იმედი აქვს, რომ გუნდის ლიდერი 6 მარტს, “რეალთან” უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში თამაშს მოახერხებს.
არაერთმა გამოცემამ დაწერა, რომ ბრაზილიელს ოპერაცია სჭირდება, მაგრამ გუშინვე უნაი ემერიმ აღნიშნულ ცნობას სიცრუე უწოდა და დასძინა, ნეიმარმა შესაძლოა, “რეალთან” თამაში მოახერხოსო.
თავის მხრივ, ერთი რამ ნათელია: თუ პარიზელები “რეალის” ბარიერს ვერ დაძლევენ, ქირურგიულ ჩარევაზე თანხმობას განაცხადებენ და სამხრეთამერიკელ შემტევს ტკივილგამაყუჩებლებით თამაშიც აღარ მოუწევს.
“გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული. კლუბის ხელმძღვანელობასთან და ბრაზილიის ნაკრების ექიმთან ერთად საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ნეიმარისთვის უკეთესი იქნება. პსჟ-მ უკვე იცის, რომ ოპერაციის შემთხვევაში 6-8 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს”, - უთხრა ნეიმარის მამამ ESPN-ს.
საბოლოოდ, გაუკეთდება თუ არა 25 წლის შემტევს ოპერაცია, უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ. შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა კვირას, “მარსელთან” შეხვედრაში მიიღო.