ფეხბურთი

14:18 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“გენტის” მენეჯერი: "ჩაკვეტაძეს 15 მილიონადაც არ დავთმობთ"

18 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" ადგილს იმკვიდრებს და მის მიმართ ბელგიური პრესის ინტერესიც იზრდება.

გასულ შაბათს “ბევერენთან” წარმატებული მატჩის შემდეგ, რომელშიც გიორგი 62-ე წუთიდან ჩაერთო და “გენტის” გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა (VIDEO), მის შესახებ არაერთმა გამოცემამ დაიწერა. ამჯერად, ბელგიური საიტი voetbalnieuws-ი “გენტის” მენეჯერის მიშელ ლუვაგის კომენტარს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ კლუბს ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.

“გენტი ჩაკვეტაძეს მომავალს უკავშირებს. გუნდი მის ირგვლივ უნდა ავაშენოთ. ეს ფეხბურთელი ჩვენი მომავალი 10 ნომერია. ამ ზაფხულს გიორგის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროც რომ შემოგვთავაზონ, მას ვერ შეველევით. გვინდა, ის გუნდში კიდევ ორი წლით მაინც შევინარჩუნოთ” - აცხადებს კლუბის მენეჯერი.

გიორგი ჩაკვეტაძე “გენტში” გასულ ზაფხულს თბილისის “დინამოდან” გადავიდა. მალევე, ვარჯიშზე დაშავდა, რის გამოც გარკვეული დრო გაუცდა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, ახალი წლიდან, უკვე რეგულარულად ეძლევა თამაშის საშუალება და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენასაც ახერხებს. ბოლო პერიოდში ასევე ბელგიური გამოცემები წერდნენ, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენით ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულნი. კონკრეტულად, საუბარი იყო “ტოტენჰემზე” და “ბორნმუთზე”.

0.128991