საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - "სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალზე" 11 მედალი მოიპოვეს.
ბერძენ-რომაელთა ანგარიშზე 2-2 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია. შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) და ლევან ქავჟარაძე (67 კგ) ჩემპიონები გახდნენ. ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზურაბ დათუნაშვილი (82 კგ) ფინალში დამარცხდნენ. მესამე საპრიზო ადგილი კი იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) დაიკავა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 3-3 ვერცხლი და ბრინჯაოა. თეიმურაზ ვანიშვილს (57 კგ), ბექა ლომთაძესა (61 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე თითო გამარჯვება დააკლდათ, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65), ირაკლი მწითური (92) და გიორგი მეშვილდიშვილი (125) მესამე ადგილზე გავიდნენ.
ამის მიუხედავად, ცოტა უცნაური ტურნირიც გამოვიდა, რადგან დამარცხდა ჩვენი ლიდერების უმრავლესობა. თუმცა ამაში დიდი როლი მსაჯთა ფაქტორმაც ითამაშა - ეს რომ არა, შედეგი უკეთესი იქნებოდა.