ფეხბურთი

1:00 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ლივერპულის” იოლი გამარჯვება

პრემიერლიგის 28-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართა. “ლივერპული” “ენფილდ როუდზე” “ვესტ ჰემს” დაუხვდა, დიდი ანგარიშით იმარჯვა და მინიმუმ ერთი დღით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

მერსისაიდელები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, რომელიც განსაკუთრებით მეორე ნახევარში გამოიკვეთა, ხოლო საწყის 45 წუთში ლონდონური კლუბი წინააღმდეგობის გაწევას ახერხებდა.

“წითლებმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და მოჰამედ სალაჰს მე-3 წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ არ გაუმართლა და ბურთი ძელმა მოიგერია. საპასუხოდ, მე-16 წუთზე მარკო არნაუტოვიჩს შეექმნა კარგი მომენტი, თუმცა ამჯერად მასპინძლები გადარჩნენ და ბურთი კარიუსის კარის ხარიხას მოხვდა. იურგენ კლოპის შეგირდებმა ტაიმი ემრე ჩანის გოლით მოიგეს, რომელმაც 29-ე წუთზე საკუთარი გუნდი თავური დარტყმით დააწინაურა.

“ლივერპულმა” მეორე ნახევარში მალევე შეძლო მეტოქის გატეხვა: 51-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა ადრიანს შორეულ კუთხეში ჭკვიანური დარტყმით გაუტანა, ხოლო ექვს წუთში რობერტო ფირმინო დარჩა მეკარესთან პირისპირ, რომელიც იოლად გააბითურა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ორ წუთში პრესტიჟის გოლი ანტონიომ შეაგდო, ხოლო 77-ე წუთზე სადიო მანემ ახლო მანძილიდან სამბურთიანი სტატუს-კვო აღადგინა – 4:1.

“ლივერპულმა” 57 ქულა დააგროვა და “მანჩესტერ იუნაიტედს” 1 ქულით გაუსწრო, რომელიც დღეს შინ “ჩელსის” დაუპირისპირდება.

მეორე ლივერპულური კლუბი “ევერტონი” სტუმრად “უოტფორდს” ეთამაშა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ერთადერთი ბურთი 79-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით ტროი დინმა გაიტანა.

“ნიუკასლი” სტუმრად “ბორნმუთს” დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაილის დუბლით იგებდა, თუმცა შემდეგ ორი ბურთი გაუშვა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება.

“ბრაიტონმა” “სუონსის” უმასპინძლა დ სამბურთიანი სხვაობით იმარჯვა. გამოსარჩევია გლენ მარის დუბლი. “ვესტ ბრომვიჩი” შინ “ჰადერსფილდთან” დამარცხდა და პრემიერლიგაში დარჩენის შანსი კიდევ უფრო შეიმცირა.

ერთნაირი ანგარიშით 1:1 დასრულდა “ლესტერი” - “სტოკის” და “ბარნლი” – “საუთჰემპტონის” დაპირისპირებები.

ლესტერი – სტოკი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 შაქირი (43), 1:1 ბატლენდი (70 ს.კ.)

ბორნმუთი – ნიუკასლი 2:2 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 გაილი (17; 45+1), 1:2 ა.სმიტი (80), 2:2 გოსლინგი (89)

ბრაიტონი – სუონსი 4:1 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 მარი (18 პენ; 69), 3:0 კნოკერტი (73), 3:1 დანკი (86 ს.კ.), 4:1 ლოკადია (90)

ბარნლი – საუთჰემპტონი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბარნესი (67), 1:1 გაბიადინი (90)

ლივერპული – ვესტ ჰემი 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჩანი (29), 2:0 სალაჰი (51), 3:0 ფირმინო (57), 3:1 ანტონიო (59), 4:1 მანე (77)

ვესტ ბრომვიჩი – ჰადერსფილდი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვან ლა პარა (48), 0:2 მუნიე (56), 1:2 დოუსონი (64)

უოტფორდი – ევერტონი 1:0 (0:0)

გოლი: დინი (79)

0.220481