ფეხბურთი

23:15 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" ტრავმების ეპიდემიაა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსში” ტრავმების ეპიდემია მძვინვარებს. ტურინულ დერბიში “ტორინოსთან” (1:0) მასიმილიანო ალეგრის ორი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა – გონსალო იგუაინი და ფედერიკო ბერნარდესკი.

არგენტინელმა მეოთხე წუთზე მარცხენა ფეხზე ტერფი დაიზიანა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მის ნაცვლად შესულმა ბერნარდესკიმ კი, 89-ე წუთზე მარცხენა მუხლზე მიიღო ტრავმა და ისიც შესაცვლელი შეიქნა.

თავდაპირველად, ალეგრი შეშფოთებული არ იყო და აცხადებდა, რომ სერიოზული ტრავმებთან არ იქნებოდა საქმე. განსაკუთრებით იტალიელი შემტევის შემთხვევაში. თუმცა, დღეს ჩატარებულმა გამოკვლევამ სხვა სურათი აჩვენა. ბერნარდესკი მოედანზე გასვლას 3 კვირიდან ერთ თვემდე ვერ შეძლებს, ხოლო არგენტინელს მომდევნო მატჩი (“ატალანტასთან”) აუცილებლად გაუცდება, დანარჩენს კი, დრო გამოაჩენს.

როგორც “იუვენტუსის” ვებგვერდი იტყობინება, ორივე ფეხბურთელს უახლოეს დღეებში კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდებათ, რაც გაცილებით ნათლად ცხდაჰყოფს ყველაფერს.

“ბებერი ქალბატონისთვის” ერთი პოზიტიური სიახლეცაა. 4 იანვრის შემდეგ პირველად ითამაშა პაულო დიბალამ, რომელმაც “ტორინოსთან” ნახევარი საათი დაჰყო მოედანზე. გარდა ამისა, დამდეგ კვირაში ბლეზ მატუიდის დაბრუნებასაც ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “ტოტენჰემთან” მატჩი შესუსტებული შემადგენლობით ჩაატარა, აკლდნენ რა, დიბალა, ხუან კუადრადო, ანდრეა ბარძალი, ბლეზ მატუიდი და სტეფან ლიხშტაინერი. აი, რაც შეეხება ლონდონურ შეხვედრას, რომელიც 7 მარტს გაიმართება – “იუვეს” დღევანდელი მდგომარეობით კუადრადოსა და ბერნარდესკის (შესაძლოა ვერ ითამაშოს იგუაინმაც) გარეშე მოუწევს თამაში, რაც იტალიელთა შემტევ პოტენციალს ცალსახად შეასუსტებს.

"ტორინოსთან" კი შავ-თეთრებმა ალექს სანდროს გოლით გაიმარჯვეს, ბრაზილიელმა სწორედ ბერნარდესკის ჩინებული მოქმედებისა და პასის შემდეგ შეძლო მეტოქის კარის აღება.

0.116356