კალათბურთი

18:40 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს მარკოიშვილი დააკლდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის დამდეგ ორ მატჩში კაპიტნის, მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

გამოცდილ მოთამაშეს ბოლო პერიოდში ტრავმა აწუხებდა, მაგრამ იყო იმედი, რომ 23 თებერვლამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებდა. ბოლო ინფორმაციით კი, ასე არ მოხდება.

Basketnet.it-ის ცნობით, მარკოიშვილის აღდგენით პროცესს იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ნავარაუდევი გახლდათ. როგორც წყარო იტყობინება, ქართველი კალათბურთელი 3 მარტს, იტალიის ჩემპიონატის მატჩისთვის მზად იქნება, მაგრა იქამდე საქართველოს ნაკრებში თამაშს ვერ შეძლებს.

ეს ცუდი ინფორმაციაა როგორც მარკოიშვილისთვის, ისე საქართველოს ნაკრებისთვის. ილიას ზუროსის გუნდი სერიოზულ დანაკლისს ისედაც განიცდიდა და ბუნებრივია, მანუჩარის გამოკლება კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მიზეზთა გამო გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარებიან, ხოლო ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ილიას ზუროსის გუნდი 23 თებერვალს, ავსტრიას ესტუმრება, ხოლო ორი დღის თავზე თბილისში, გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.117369