ფეხბურთი

16:49 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ფერნანდეშმა ევროთასებზე ზაზა ჯანაშიას რეკორდი გაიმეორა

უეფას ევროპა ლიგის 1/16 ფინალში მოსკოვის “ლოკომოტივმა” ფრანგული “ნიცა” მისსავე მოედანზე 3:2 დაამარცხა. თავიდანვე გეტყვით, რომ აღნიშნულ შეხვედრაში “რკინიგზელთა” რიგებში შეუცვლელად, 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ.

ფრანგები მარიო ბალოტელის დუბლით 2:0 იგებდნენ, მაგრამ მერე საქმეში “ლოკომოტივის” პორტუგალიელი ლიდერი მანუელ ფერნანდეში ჩაერია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა მეტოქე და რუსებმა მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

საინტერესოა, რომ ფერნანდეშმა ევროთასებზე ზაზა ჯანაშიას რეკორდი გაიმეორა. საქმე რაშია: მანუელმა ჯგუფურ ეტაპზე ჰეთ-თრიქი “ზლინთანაც” შეასრულა და შესაბამისად, გუშინ გახდა რუსული გუნდების ისტორიაში მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ევროთასებზე ჰეთ-თრიქი ორჯერ შეასრულა.

მანამდე ეს ალექსანდრ კერჟაკოვსა (“ზენიტი”) და ჩვენებურ ზაზა ჯანაშიას გაეკეთებინათ. ჯანაშიამაც “ლოკომოტივის” რიგებში გამოიჩინა თავის დროზე თავი. ქართველმა თავდამსხმელმა 1999 წლის 4 მარტს, თასების თასის მეოთხედფინალში ჰაიფას “მაკაბის” გაუტანა სამი გოლი და მისმა გუნდმა მოსკოვში 3:0 მოიგო, ხოლო მეორედ იგივე იმავე წელს გააკეთა. 1999 წლის 12 აგვისტოს ზაზამ უეფას თასის პირველ ეტაპზე ბორისოვის “ბატესთან” (7:1) გაიფორმა ჰეთ-თრიქი.

0.122805