ფეხბურთი

3:43 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეს იყო ჟურნალი, კინო "უემბლიზე" იქნება (+VIDEO)

“ბებერი ქალბატონი” და “მამალი” მშვიდობიანად გაიყარნენ. ჩემპიონთა ლიგა განახლდა და თან როგორ?! “ალიანც სთედიუმზე” “იუვენტუსმა” და “ტოტენჰემმა” ის აჩვენეს, რის გამოც ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა.

თამაშის აღწერით უნდა დავიწყოთ, დანარჩენზე შემდეგ...

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და მასპინძელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა. მირალემ პიანიჩმა თავისივე მოპოვებული ჯარიმა ეშმაკურად გაათამაშა. ეპიზოდს ლონდონელთა დაცვის ხაზი აშკარად მოუმზადებელი შეხვდა და გონსალო იგუაინმა ერთი შეხებით გაიტანა. სხვთა შორის, პიანიჩი-იგუაინის ეს კომბინაცია აქამდეც დამთავრებულა გოლით, მაგრამ სტუმრებისთვის ეს მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ისე, პასის მომენტში არგენტინელი მცველებზე წინ იყო და თანამსაჯს თამაშგარის დაფიქსირება მართებდა, თუმცა – 1:0. “იუვენტუსმა” აგრესიულად თამაში გააგრძელა და მალე შედეგიც მოიმკა. ფედერიკო ბერნარდესკის ბენ დევისმა ლამის ფეხი მოაგლიჯა და ფელიქს ბრიხმა პენალტი სამართლიანად დანიშნა. უგო ლორისი იგუაინს მიუხვდა, მაგრამ ბურთი ვერ შეიმაგრა და – 2:0. გონსალო “იუვენტუსის” ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი დუბლის ავტორი გახდა.

აქ ბევრმა ჩათვალა, რომ ტურინელები საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. აბა, როგორი საქმეა “იუვენტუსი” მისსავე მოედანზე 2:0 გიგებდეს. გუნდი, რომელიც დაცვაში თამაშით გამოირჩევა. და მაინც, მერე სხვა თამაში წავიდა. ნამდვილად ვერ გეტყვით, ალეგრის დავალება იყო თუ სპონტანურად მოხდა, “იუვენტუსმა” მეტოქეს არამარტო მოედნის ცენტრი, არამედ მთლიანად ბურთი დაუთმო და ნელ-ნელა მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა თამაში მეტოქის საჯარიმოსთან გადაიტანა. ჰარი კეინმა ლამის შეაგდო, მაგრამ ჯიჯი ბუფონი იყო შეუდარებელი. იგივე დუელი ცოტა ხანში ისევ იტალიელის გამარჯვებით დასრულდა. მერე, მატია დე შილიომ საგოლედ გამზადებული ბურთი ფეხიდან ააცალა დელე ალის და “იუვე” კონტრშეტევაზე გადავიდა. პიანიჩი-იგუაინი კიდევ ერთხელ მოუხელთებელი გახდა სტუმართა დაცვისთვის, მაგრამ “პიპიტამ” ოდნავ ააცილა. 100%-იანი შანსი იყო. და მერე, ისევ “ტოტენჰემი” გადავიდა შეტევაზე. ჯორჯო კიელინი პოზიციურად შეცდა, ხოლო ალის გამოზომილი პასით ჰარი კეინმა ბუფონი მოატყუა და ცარიელ კარში შეაგდო. ყველაფერი თავიდან დაიწყო. მაგრამ ეს არ ყოფილა ყველაფერი, რაც პირველ ნახევარში მოხდა. დუგლას კოშტამ ინგლისელთა მარცხენა ფლანგი გაარღვია და სერჟ ორიემ საჯარიმოში მოცელა. ისევ პენალტი და ისევ იგუაინი. არგენტინელმა პირველი არადამაჯერებლად შეასრულა, მაგრამ გაიტანა და ახლა?! ხარიხას დაუმიზნა და ტაიმიც დასრულდა.

შესვენების შემდეგ მთალად ასეთი ლაღი ფეხბურთი არ ყოფილა, მაგრამ უკმაყოფილონი ვერ ვიქნებით. სურათი კი ოდნავ შეიცვალა. “იუვენტუსი” უფრო მეტად სცდილობდა მეტოქის ნახევარზე თამაშს, ვიდრე ამას პირველი ტაიმის ბოლოს 35 წუთში აკეთებდა. ბერნარდესკის ლორისმა საოცარი ბურთი აუღო. თითქოს ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ გუნდები ამ ანგარიშზე დაასრულებედნენ მატჩს, მაგრამ ტურინელთა ნაქები დაცვის ხაზი კიდევ ერთხელ ჩავარდა. ამჯერად მედჰი ბენატიამ ვერ ითამაშა დასწრებაზე და მის დასაზღვევად გადასულმა კიელინიმ სახიფათო ჯარიმა აიკიდა. ჯარიმა, რომელიც კრისტიან ერიქსენმა ფანტასტიკურად დაარტყა. თუმცა, ვერც ბუფონი გაისაჯრა იდეალურად. მეტიც, ეს ბურთი გასაშვები არ იყო, მაგრამ მისდა საუბედუროდ, გაუშვა. სახიფათო მომენტები მერე აღარ შექმნილა. ერთი იყო, დუგლას კოშტამ ისევ გაილაღა ფლანგზე და იან ვერტონგენმა გონსალო იგუაინს ბეწვზე დაასწრო. მოკლედ, 2:2. შედეგი, რომელიც კითხვის ნიშნებს ტოვებს და შედეგი, რომელიც ცალსახად “ტოტენჰემის” სასარგებლოდ მეტყველებს.

მაგრამ, ეს ჩემპიონთა ლიგაა და საქმე ორი უმაღლესი დონის გუნდთან გვაქვს. მოკლედ, რთული სათქმელია რა მოხდება სამი კვირის თავზე “უემბლიზე”. ისიც აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონს წესით ტრავმირებული ფეხბურთელები უნდა დაუბრუნდნენ და მათ შორის, პაულო დიბალა, ბლეზ მატუიდი. ეს კი დიდი ძალაა.

მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი გაბრაზებული გახლდათ, აქაოდა, ორბურთიანი სვხაობა არ უნდა გაგვენიავებინაო, მაგრამ საინტერესო ვის უწყრება ალეგრი – ალბათ, საკუთარ თავს! მაურისიო პოჩეტინომ კი, ამაყად განაცხადა, რომ მისი გუნდი მეტოქეზე დომინირებდა და საერთო სურათი მართლაც ასეთი იყო. იქვე დაიწუწუნა, პირველი გოლი თამაშგარე იყოო და ესეც მართალია.

საინტერესო სტატისტიკასაც გაგაცნობთ – ჯანლუიჯი ბუფონმა გოლი 694 წუთის შემდეგ პირველად გაუშვა. ბოლოს ჯიჯის კარი შვედეთი იტალიის ავადსახსენებლ მატჩში დაილაშქრა. ჰარი კეინმა კი სტივენ ჯერარდის შედეგი გაიმეორა და 7 გოლით გახდა საუკეთესო ინგლისელებს შორის, რომელსაც ერთ სეზონში ლიგაზე გაუტანია. გარდა ამისა, ჰარის 9 მატჩში (ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგაზე) 9 გოლი აქვს გატანილი და ამ რაოდენობის გოლები ასეთ მწირ მატჩებში აქამდე არავის გაუტანია. მოკლედ, კეინი ფანტასტიკური იყო. "იუვენტუსმა" კი საკუთარ მოედანზე ორი გოლი 2016 წლის თებერვლსი შემდეგ პირველად გაუშვა. საინტერესოა, რომ მაშინაც 1/8 ფინალში "იუვე" შინ 2:2 დაზავდა ("ბაიერნთან").

კიდევ უფრო დიდებულად თამაშობდა მეორე გოლის ავტორი კრისტიან ერიქსენი. დანიელმა უბრალოდ მოინელა მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა – რაც მოესურვებოდა, იმას აკეთებდა მოედანზე და “იუვეს” დაცვის ხაზს არაერთი თავსატეხი გაუჩინა.

ვნახოთ, ივახშმებს თუ არა, “ბებერი ქალბატონი” “მამალს” საპასუხო მატჩში. თუ პირიქით, “მამალი” იყივლებს 8 მარტის დილას?..

“იუვენტუსი” – “ტოტენჰემი” 2:2 (2:1) VIDEO

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 41 232

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დე შილიო, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 66(, პიანიჩი; ბერნარდესკი, დუგლას კოშტა (ასამოა 90), მანჯუკიჩი (სტურარო 76); იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ტოტენჰემი” (4-3-3): ლორისი; ორიე, სანჩესი, ვერტონგენი, დევისი; ერიკსენი (ვანიამა 90), დაიერი, დემბელე; ლამელა (ლუკას მოურა 89), კეინი, ალი (სონი 83)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 იგუაინი (2), 2:0 იგუაინი (9, პენ), 2:1 კეინი (35), 2:2 ერიკსენი (71)

გაფრთხილება: ბენატია (45), იგუაინი (60), ბენტანკური (80) – დევისი (8), ორიე (47)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 9 (6) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

0.76574