საქართველოსა და გერმანიის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა 13 თებერვალს, 15:00 საათიდან დაიწყება.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ეს შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 25 თებერვალს, 19:00 საათზე გაიმართება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ბილეთების შეძენა ხვალიდან შესაძლებელი იქნება ინტერნეტ-გვერდზე tkt.ge, 23 თებერვლიდან კი სპორტის სასახლის სალაროებშიც. ბილეთების ღირებულება 5, 10, 15, 20 და 25 ლარია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველად მონაწილეობს. ჯგუფში მეტოქეებად, გერმანიის გარდა, ავსტრიისა და სერბეთის ნაკრებები ჰყავს. ილიას ზუროსის შეგირდებმა შესარჩევში ორი შეხვედრა გასული წლის ნოემბერში სტუმრად ჩაატარეს - გერმანიაში 70:79 დამარცხდნენ, სერბეთში კი 87:105.
ქართველი კალათბურთელები გერმანიის ნაკრებთან საშინაო მატჩამდე, 23 თებერვალს სტუმრად ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ეროვნული გუნდის მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებით 13 თებერვალს, 13:30 საათზე, სპორტის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართება.