ნამდვილი სასწაული უნდა მოხდეს, რომ “მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის 2017/2018 წლების სეზონის ჩემპიონი ვერ გახდეს. ხოსეპ გვარდიოლას გუნდის უახლოესმა მდევარმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” გასვლაზე “ნიუკასლთან” წააგო და 27-ე ტურის შემდგომ, მათ შორის ჩამორჩენა 16 ქულას შეადგენს.
“სენტ ჯეიმს პარკზე” გამართულ დაპირისპირებაში “იუნაიტედი” მცირე უპირატესობას ფლობდა. განსაკუთრებით ეს მეორე ნახევარზე ითქმის, თუმცა სწორედ დასკვნით 45 წუთში შეძლო “ნიუკასლმა” გოლის გატანა, რომელიც ამ მატჩში ერთადერთი გამოდგა. 57-ე წუთზე ალექსის სანჩესს 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდა: ჩილელმა შემტევმა მეკარე ჩამოიშორა, მაგრამ დროულად ვერ დაარტყა და ბურთი ლეიუნმა გამოიტანა. ასეთი ეპიზოდის გამოუყენებლობის გამო “წითელი ეშმაკები” მალევე დაისაჯნენ და 65-ე წუთზე საჯარიმოდან გათამაშებულ კომბინაციას რიტჩის გოლი მოჰყვა, რომლითაც რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა 3 ქულის აღება მოახერხეს – 1:0.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა “ლივერპულმა”, რომელმაც გასვლაზე “საუთჰემპტონი” დაამარცხა და მე-2 ადგილოსან “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა. მერსისაიდელებმა ორივე გოლი პირველ ნახევარში გაიტანეს: მე-6 წუთზე მოჰამედ სალაჰმა რობერტო ფირმინოს ახლო მანძილიდან გაატანინა, ხოლო 42-ე წუთზე ბრაზილიელმა ეგვიპტელს ვალი დაუბრუნა, ქუსლით გაკეთებული დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა და სალაჰს მიმდინარე პრემიერლიგაში 22-ე გოლის გატანა არ გასჭირვებია – 0:2.
დღის გახსნით მატჩში კი “ჰადერსფილდმა” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთი” დიდი ანგარიშით დაამარცხა და გასავარდნი ზონიდან ამოძვრა.
ჰადერსფილდი – ბორნმუთი 4:1 (2:1)
გოლები: 1:0 პრიტჩარდი (7), 2:0, 3:1 მუნიე (27; 66), 2:1 სტანისლასი (13), 4:1 ვან ლა პარა (95)
ნიუკასლი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 (0:0)
გოლი: რიტჩი (65)
საუთჰემპტონი – ლივერპული 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 ფირმინო (6), 0:2 სალაჰი (42)