ფეხბურთი

22:09 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" VS პსჟ - ფაქტები, დეტალები, სტატისტიკა

უეფას ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ კარსაა მომდგარი. დამდეგი კვირის დასაწყისში პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართება. WORDLSPORT.GE ყველა 1/8 ფინალური წყვილის შესახებ ვრცლად ისაუბრებს.

ოთხშაბათს, 14 თებერვალს, მერვედფინალური წყვილებიდან ალბათ ყველაზე გამორჩეული გველოდება: "რეალი" - "პარი სენ ჟერმენი“. პსჟ საოცარ სეზონს ატარებს და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი დამსახურებულადაა. აი, "რეალი" კი აქამდე ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა, მაგრამ ფაქტია, "რეალია" და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

წარმოგიდგენთ, ამ მატჩის შესახებ სხვადასხვა დეტალებს, სტატისტიკასა და ფაქტებს...

“რეალი” პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა, ჩამორჩა რა, “ტოტენჰემს”, ხოლო “პარი სენ ჟერმენმა” “ბაიერნს” აჯობა და ქვეჯგუფში იპირველა.

“სამეფო კლუბი” უკვე ზედიზედ 7 სეზონია ნახევარფინალამდე აღწევს (სამჯერ იჩემპიონა), ხოლო პსჟ ჯერ კიდევ იმ ტკივილს იშუშებს, რომელიც ერთი წლის წინ ამავე ეტაპზე მიიღო. როდესაც, “ბარსელონასთან” წარმოუდგენლად გამოეთიშა ტურნირს (4:0, 1:6).

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ბოლოს 2015-2016 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. პარიზში გოლი არ გასულა, ხოლო მადრიდში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი ნაჩომ 35-ე წუთზე, მოედანზე შესვლიდან 2 წუთში გაიტანა.

2015 წლის 3 ნოემბერს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“რეალი”: ნავასი, დანილო, რამოსი, ვარანი, მარსელო (ნაჩო 33), მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, ხესე (ვასკესი 63), რონალდუ, ისკო (კოვაჩიჩი 82)

პსჟ: ტრაპი, ორიე, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი, ვერატი (რაბიო 17), ტიაგო მოტა, მატუიდი (ლუკასი 75), დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

პსჟ-მ “რეალი” ევროსარბიელიდან ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში გამოთიშა. 1992-1993 (უეფას თასზე 1:3, 4:1) და 1993-1994 წლების სეზონში თასების თასზე (1:0, 1:1).

1994 წლის 3 მარტს ჟორჟ ვეას გოლით ფრანგებმა ვისენტე დელ ბოსკეს “რეალი” დაამარცხეს. ეს მადრიდელთა ბოლო მარცხია საშინაო არენაზე ფრანგულ გუნდებთან.

მაშინ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“რეალი”: ბუიო, ჩენდო, გოიკოეჩეა, ალკორტა, სანჩისი (მორალესი 56), რამისი, ლუის ენრიკე, მიჩელი, სამორანო (მუნიოსი 85), მილა, დუბოვსკი (პროსინეჩკი 88)

პსჟ: ლამა, სასუ, კოლეტერი, რიკარდო, როშე, ლასერი, ფურნიე, გუერინი, ვეა, ვალდო, ჟინოლა

ფაქტები

“რეალი”

“რეალი” ეცდება მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედი გავიდეს. მთლიანობაში 1/8 ფინალში მადრიდელთა ბალანსი დადებითია: 8 გამარჯვება, 6 მარცხი. 2005-2010 წლებში ესპანური გუნდისთვის ეს ბარიერი დაუძლეველი იყო.

შარშან “რეალმა” ამავე ეტაპზე “ნაპოლი” დაამარცხა (3:1, 3:1).

“სამეფო კლუბმა” სახლში ბოლო 39 მატჩიდან 33 მოიგო (ევროსარბიელზე). მარცხი კი, ერთხელ განიცადა 2014-2015 წლების სეზონის მერვედფინალში “შალკესთან” (3:4).

მიმდინარე სეზონში ზინედინ ზიდანის გუნდმა მადრიდში 7 ქულა მოიპოვა (“აპოელთან” 3:0, “დორტმუნდთან” 3:2 და “ტოტენჰემთან” 1:1).

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

“რეალმა” ევროტურნირებზე ბოლო 25 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო. 17 გამარჯვება და 6 ფრე.

“რეალმა” ბოლოს ფრანგული გუნდებიდან სწორეს პსჟ-ს წინააღმდეგ ითამაშა 2015 წელს. ბოლო 9 თამაშიდან კი, ფრანგ მეტოქეებთან დაუმარცხებელია (6 მოგება, 3 ფრე). ესპანელები ბოლოს “ლიონთან” დამარცხდნენ 2010 წელს მერვედფინალში.

ბოლო ხუთ მატჩში “რეალს” ფრანგული გუნდებისგან გოლი არ გაუშვია (4 მოგება, 1 ფრე, 10 გატანილი გოლი).

1994 წელს პსჟ-სთან განცდილი საშინაო მარცხი “რეალისთვის” ფრანგულ კლუბებთან ერთადერთია (10 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება).

“ბლანკოსს” პლეი-ოფში ფრანგულ გუნდებთან უარყოფილით ბალანსი აქვს: 3 გასვლა შემდეგ ეტაპზე და 4 გამოთიშვა.

“რეალი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

პსჟ

პსჟ მერვედფინალში ზედიზედ და საერთოდ, მეექვსედ ითამაშებს. თავიდან, ოთხჯერ პარიზელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ხოლო შარშან “ბარსელონას” ბარიერი ვერ დაძლიეს.

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი მიიღო. “ბარსელონა” შინ 4:0 დაამარცხა, მაგრამ მერე ესპანეთში 1:6 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ესპანეთში “პარი სენ ჟერმენის” ბალანსი ასეთია: 4 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება. ბოლო ოთხი სტუმრობა კი, მარცხით დაასრულა. სამჯერ ბარსელონაში და ერთხელ მადრიდში.

პსჟ-მ ჯგუფში 25 გოლი გაიტანა და ეს ჯგუფური ეტაპის რეკორდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

ფრანგებს ბოლო 12 საგარეო მატჩიდან 7 მოგებული აქვს.

პლეი-ოფში პსჟ ესპანური გუნდების წინააღმდეგ ასეთი ბალანსით იწონებს თავს: 5 გასვლა შემდეგ ეტაპზე და 3 გამოთიშვა. სამჯერვე ფრანგები “ბარსელონასთან” დამარცხდნენ. 2013, 2015 და 2017 წლებში.

პსჟ-ს მერვედფინალის პირველი მატჩი არასდროს წაუგია (4 მოგება, 1 ფრე).

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

ზინედინ ზიდანს პსჟ-ს წინააღმდეგ “ბორდოს” რიგებში ოთხჯერ უთამაშია (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება).

უნაი ემერი ფეხბურთელობისას “რეალის” მეორე გუნდს ორჯერ დაუპირისპირდა, როდესაც “ტოლედოს” რიგებში თამაშობდა (2 მოგება). “ალმერიას”, “ვალენსიასა” და “სევილიას” თავკაცის რანგში კი, “სამეფო კლუბთან” 20 მატჩიდან 5 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 14-ჯერ წააგო.

ანხელ დი მარიას “რეალში” 124 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი მხოლოდ ლა ლიგის ეგიდით. 2014 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ატლეტიკოსთან” არგენტინელი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

დანი ალვეში მოედანზე იყო, როდესაც “რეალმა” “იუვენტუსი” შარშან ფინალში დაამარცხა.

“ვოლფსბურგის” რიგებში იულიან დრაქსლერმა “რეალი” 2:0 დაამარცხა 2016 წელს მეოთხედფინალში. თუმცა, საპასუხო მატჩი 0:3 წააგო.

რაფაელ ვარანმა “ლანსის” რიგებში მეხუთე მატჩი სწორედ პსჟ-ს წინააღმდეგ ჩაატარა 2011 წელს საფრანგეთის თასზე და 1:5 წააგო. ერთი თვის თავზე კი პარიზში ფრეს გამორჩა (0:0).

ქარიმ ბენზემას “პარი სენ ჟერმენის” წინააღმდეგ 7-ჯერ უთამაშია “ლიონის” მაისურით (4 მოეგბა, 2 ფრე, 1 წაგება).

2015 წლის დეკემბერში “ვილიარეალში” მოთამაშე ალფონს არეოლამ “რეალი” 1:0 დაამარცხა.

2017 წლის 14 ნოემბერს, ტრაპის, კროოსისა და დრაქსლერის გერმანია ამხანაგურ მატჩში მბაპეს, რაბიოს, ვარანისა და კურზავას საფრანგეთს დაუზავდა (2:2).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

კაზემირო, მარსელო და ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დანი ალვეში, ნეიმარი (ბრაზილია)

რაფაელ ვარანი და ლაუვინ კურზავა, ადრიენ რაბიო, კილიან მბაპე (საფრანგეთი)

ტონი კროოსი და კევინ ტრაპი, იულიან დრაქსლერი (გერმანია)

ერთად უთამაშიათ

ბორხა მაიორალი და იულიან დრაქსლერი (“ვოლფსბურგი” 2016)

სერხიო რამოსი და დანი ალვეში (“სევილია” 2003-2005)

საფრანგეთში უთამაშიათ

ქარიმ ბენზემა (“ლიონი” 2005-2009)

რაფაელ ვარანი (“ლანსი” 2010-2011)

ესპანეთში უთამაშიათ

იური ბერჩიჩე (“ვალიადოლიდი” 2009-2010, “რეალ უნიონი” (2010-2012, “ეიბარი” 2012-2014, “სოსიედადი” 2014-2017)

ნეიმარი (“ბარსელონა” 2013-2017)

ალფონს არეოლა (“ვილიარეალი” 2015-2016)

დანი ალვეში (“სევილია” 2002-2008, “ბარსელონა” 2008-2016)

ტიაგო მოტა (“ბარსელონა” 2001-2007, “ატლეტიკო” 2007-2008)

“რეალი” – “პარი სენ ჟერმენი”

14 თებერვალი, 23:45 საათი

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

0.138514