ძიუდო

22:25 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშას პირველი პარიზული მედალი და 700 ქულა

ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) 2018 წლის საერთაშორისო სეზონი ვერცხლის მედლით გახსნა. ოლიმპიური (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონი ძიუდოისტი დღეს დაწყებულ პარიზის გრან სლემზე პირველ ნომრად იყო განთესილი. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და კანადელი ანტუან ბუჩარი წუთნახევარში ჩამოიშორა.

მეორე მეტოქეს - სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს შავდათუაშვილმა ვაზარით აჯობა. მეოთხედფინალში გერმანელ იგორ ვანდტკეს სამწუთნახევარში შეუსრულა ორი ვაზარი. ნახევარფინალში აზიის ორგზის ჩემპიონი - სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი პირველსავე წუთზე გააკრა ტატამს ბეჭებით. საჩემპიონო შეხვედრაში კი კოსოვოელ აკილ გჟაკოვას დაუპირისპირდა, ვაზარით წააგო და მეორე ადგილთან ერთად 700 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შემავალ ტურნირებზე ლაშა შავდათუაშვილი აქამდე პოდიუმზე 11-ჯერ ასულიყო. პარიზში კი საპრიზო სამეულში ერთხელაც არ მოხვედრილა.

ევროპის ჩემპიონსა (2013) და მსოფლიოს პრიზიორ ამირან პაპინაშვილს (60 კგ) ფრანგული გრან სლემის პრიზიორობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ქართველმა მსუბუქწონოსანმა, რომელიც მიმდინარე შეჯიბრებაზე პირველ ნომრად იყო განთესილი, მხოლოდ ნახევარფინალამდე იყოჩაღა.

პირველი მეტოქე – გერმანელი მორიც პლაფკი მეოთხე წუთზე ვაზარიზე დასცა და ილეთს შებოჭვა მიაყოლა. მეოთხედფინალში ფრანგ რიშარ ვერნესთან შეხვედრის დასაწყისშივე ვაზარით დაწინაურდა. შემდეგ თავადაც ვაზარიზე დავარდა. საფინალო გონგამდე 36 წამით ადრე კი ბრუნით მეორე ვაზარი მიითვალა, რაც ავტომატურად იპონს ნიშნავდა.

ნახევარფინალში პაპინაშვილი იაპონელ ტორუ შიშიმეს დაუპირისპირდა და მეოთხე წუთზე, სახიფათოდ შეტევისთვის მსაჯისგან ჰანსოკუ-მაკე მიიღო.

რეპეშაჟის ფინალში 29 წლის ქართველი ძიუდოისტი ფრანგ სედრიკ რევოლს უნდა დასჭიდებოდა...

ამირან პაპინაშვილი აქამდე პარიზის გრან სლემზე ექვსჯერ დაეუფლა მედალს. ორჯერ ვერცხლს, ხოლო ოთხჯერ – ბრინჯაოს.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით კონკურენციაში ლუხუმ ჩხვიმიანიც ჩაება და საპრიზო სამეულს მიღმა სედრიკ რევოლთან რეპეშაჟის ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო დარჩა. ფრანგმა ვაზარით მოიგო.

ძირითად ბადეში ჩხვიმიანმა ორი შეხვედრა ჩაატარა. ესპანელი ხუაკინ გომისი ვაზარით ჩამოიშორა. მეოთხედფინალში კი, ბრაზილიელ ფელიპე პელიმთან, უილეთო შეხვედრაში, მეოთხე დამატებულ წუთზე, შიდოების ლიმიტი ამოეწურა.

ამირან პაპინაშვილმა პარიზული მე-5 ადგილით 360 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ლუხუმ ჩხვიმიანს კი მე-7 ადგილისთვის 260 ქულა დაერიცხება.

დღესვე, საქართველოს სახელით ტატამზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს მოქმედი ბრინჯაოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილიც (66 კგ) გავიდა. შარშან ის პარიზის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამჯერად შეჯიბრებაზე მეორე ნომრად იყო განთესილი და ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტადაც ითვლებოდა, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდა - ალჟირელ ჰოუდ ზურდანისთან შეხვედრის მესამე წუთზე ბეჭებზე დავარდა.

მარგველაშვილი პარიზის გრან სლემზე წარმატების შემთხვევაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ხდებოდა. ბოლო მონაცემებით ის 66 კილოგრამში მესამე ადგილზეა და პირველ პოზიციაზე მდგომ იაპონელ ჰიფუმი აბეს 329 ქულით ჩამორჩება.

ხვალ, მამაკაცებს შორის ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრებს ოთხივე წონაში ორ-ორი მონაწილე ეყოლება.

ფრანგულ ტატამზე გავლენ: ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური (100 კგ), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (+100 კგ).

0.115052