საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2018 წლის პირველი გრან სლემის პირველ დღეს, ფინალურ ბლოკში ორი მედლისთვის იბრძოლებს. პარიზში დღეს დაწყებულ ტურნირზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონის ტიტულს ერთი ნაბიჯი აშორებს. ამირან პაპინაშვილი კი რეპეშაჟის ფინალშია.
შავდათუაშვილმა ფინალის გზაზე ოთხ მეტოქეს სძლია და ფინალში მეტოქედ კოსოვოელი აკილ გიაკოვა ეყოლება.
პაპინაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, იაპონელ ტორუ შიშიმესთან მარცხით. რეპეშაჟის ფინალში კი ფრანგ სედრიკ რევოლს დაუპირისპირდება.
დღესვე, პარიზულ ტატამზე საქართველოს სახელით ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმაც (66 კგ) იჭიდავეს, მაგრამ გრან სლემს დილის პროგრამაში გამოეთიშნენ.
ჩხვიმიანი ძირითად ბადეში მეოთხედფინალამდე მივიდა, შემდეგ ზედიზედ ორჯერ დამარცხდა და მე-7 ადგილს დასჯერდა. მარგველაშვილი კი ტატამზე ერთადერთხელ გავიდა.