დღეს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფისში გაფორმდა მემორანდუმი საკალათბურთო კლუბ სოხუმსა” და საკონსულტაციო კომპანია “ნესა სპორტს” შორის. მემორანდუმის ფარგლებში “ნესა სპორტი” უზრუნველყოფს “სოხუმისა”და მისი კალათბურთელების მარკეტინგულ მხარდაჭერას და პოპულარიზაციას. აღნიშნული თანამშრომლობა მისი შინაარსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკალათბურთო კლუბ “სოხუმისთვის“, არამედ მთლიანად სპორტული ორგანიზაციებისთვის.
ალექსანდრე დოლიძე – კლუბ “სოხუმის” გენერალური დირექტორი:
” ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ სპორტულ სამყაროში მარკეტინგული საკითხები სათანადო დონეზე არ დგას. ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი კლუბის პოპულარიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. ამაში ჩართული იქნება მთლიანად კლუბი და ყველა კალათბურთელი. ჩვენ შევძლებთ მხარდამჭერების მოზიდვას, გაძლიერებას, რადგან კალათბურთი მთლიანად საზოგადოებისაა და მას მხოლოდ ჩვენთვის არ ვთამაშობთ. გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი და ჩვენი “ნესა-მარკეტინგიც” გვერდით დაგვიდგება. აქამდეც გვყავდა მხარდამჭერთა ჯგუფი, თუმცა, რაც უფრო ორგანიზებული იქნება ეს საკითხი, მით მეტ შედეგს მოიტანს და მაგალითიც გახდება სხვა კლუბებისთვის. შედეგებს უახლოეს მომავალში დაველოდებით”.
ხატია გადელია – “შპს ნესა” მარკეტინგის მენეჯერი:
“დღეს კლუბ “სოხუმისთვის” და არამარტო მისთვის, არამედ ზოგადად, სპორტული მარკეტინგისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ თანამშრომლობით ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით გულშემატკივრის გარეშე სპონსორების მოძიება რთულია, მათ გარეშე კი გუნდის განვითარებაა რთული. შესაბამისად, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მკაფიო მიზნები და თამამი ამბიციები, რათა დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება”.
gbf.ge