კალათბურთი

13:22 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით უსტიაშვილი: “ასეთ დაძაბულ თამაშს ველოდით“

საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგის მეოთხე ტურში „ტიტებმა“ დაძაბულ ბრძოლაში ‘’თსუ-ჰიუნდაი“ 80:78 დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

თამაშის შემდეგ „ტიტების“ მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა და კალათბურთელმა ქაქუცა აბაიშვილმა კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთეს.

დავით უსტიაშვილი: „დაძაბული თამაში გამოვიდა, ისეთი როგორსაც ველოდით. ძალიან სწრაფი და სანახაობრივი თამაში იყო. ვფიქრობ, მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება“.

ქაქუცა აბაიშვილი: „ძალიან რთული და დაძაბული თამაში იყო, ბოლო წამებზე გაირკვა გამარჯვებულის ვინაობა. ბიჭებმა ბოლომდე ვიბრძოლეთ, ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად. იყო ხარვეზები, რომელსაც მომავალში გამოვასწორებთ. ვეცდებით, „არენასთანაც“’ გავიმარჯვოთ და სასურველი შედეგით დავასრულოთ პირველი წრე“.

„ტიტები“ ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებლად განაგრძობს ასპარეზობას და 8 ქულით ლიდერია. 6-6 ქულა აქვთ „თსუ-ჰიუნდაის“, „წყალტუბოს“ და „არენა 76“-ს, რომელთაც ერთი ქულით ჩამორჩებიან „თბილისი“ და კსუ.

„ა“ ლიგის მე-5 ტურის შეხვედრები 12 და 13 თებერვალს გაიმართება: „წყალტუბო“ „თსუ-ჰიუნდაის“ დაპირისპირდება, „ტიტები“ - „არენას“, კსუ კი - „თბილისს“.

0.119747