ტაივანის ღია ტურნირზე ოქსანა კალაშნიკოვას და ნაო ჰიბინოს წყვილმა ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი ტიმეა ბაბოშის და ჩენ ჰოაცინის დუეტი 6:2, 6:2 დაამარცხეს. 4 თებერვალს ქართულ-იაპონური წყვილი გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინელებს, დუან ინინსა და ვან იაფანს დაუპირისპირდება.
კალაშნიკოვას კარიერის განმავლობაში WTA-ს ტურნირების წყვილთა ფინალში მეშვიდედ გავიდა და შეეცდება მეხუთე ჩემპიონატი მოიგოს. ჰიბინო და ოქსანა მეორედ ითამაშებენ ფინალს და შეეცდებიან ტაშკენტში (2017) განცდილი მარცხის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვონ.
ნახევარფინალში გამარჯვებით ოქსანამ და ნაომ 6, 400 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავეს, გამარჯვების შემთხვევაში კი 12, 300 დოლარს და 280 სარეიტინგო ქულას მიიღებენ. ტაივანში წარმატებული თამაშის წყალობით, კალაშნიკოვა წყვილთა რეიტინგში 9 ადგილით დაწინაურდა და ლაივ-რეიტინგში 54-ე ადგილზე იმყოფება, ჰიბინომ კი ოთხი ადგილით წინ წაიწია და 44-ე პოზიციაზეა.