აქ რომ ხვდები, გრჩება შთაბეჭდილება თითქოს ისტორიაში მოგზაურობ და თან არ გინდა ამ ყველაფერს დასასრული ჰქონდეს. მილანიდან ტურინისკენ გეზი ადგილობრივი დროით 12 საათისკენ ავიღეთ და პიემონტის დედაქალაქში ჩასვლას 2 საათი დასჭირდა.
ტურინი მილანს არაფრით ჰგავს – გაცილებით პატარაა და მშვიდიც. თითქოს იტალიის ძველ დედაქალაქში ფერებიც სხვაგვარია. მილანისგან განსხვავებით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნამდვილად ვერ ნახავთ ადგილებს, სადაც “იუვენტუსის” ან თუნდაც, “ტორინოს” აქსესუარებს შეხვდებით.მოკლედ, ტურინი, გნებავთ ტორინო (როგორც იტალიელები ეძახიან) გაცილებით მშვიდია და ხალხიც უფრო ხალისიანი გამოჩნდა.
ვინაიდან, ტურინში ჩვენი სტუმრობა სადებიუტო იყო, ვეცადეთ “ალიანც სთედიუმისკენ” (“იუვენტუსის” სტადიონი) გზა გაგვეკლია. პირველივე შემხვედრს დავეკითხეთ, “იუვენტუსის” ქომაგი გამოდგა, Forza Juve გასძახა და სიამოვნებით გვპასუხობდა. მაგრამ, ერთ პრობლემას წავაწყდით – თურმე, პატივცემული საყვარელი გუნდის თამაშზე ყოველთვის ავტომობილით დადის და მოკლედ, მეტროდან გზის გაგნება კარგად არ იცოდა. როგორც შემდგომ გავარკვიეთ, კარგად ვინ ჩივის, ცუდად სცოდნია. ეს ისტორია დიდხანს რომ არ გავაგრძელოთ, საპირისპირო მიმართულებით გაგვზავნა და იქ მისულთ, რომ გვეგონა, სტადიონს მივუახლოვდით, სხვა სურათი დაგვხვდა.
კიდევ გავიკითხეთ და ასეთი პასუხი მივიღეთ – Molto lontano! ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, აქედან ძალიან შორს არისო და ადგილიც მიგვასწავლა. ახლა უკვე მეორე მიმართულებით დავიძარით და ჩვენდა ბედად, არც ეს მისამართი გამოდგა ზუსტი. თუმცა, იღბალმა ბოლომდე არ გაგვწირა და სწორედ აქ შევხდით ორ ადამიანს, რომელთაც ნამდვილად იცოდნენ, როგორ აღმოვჩნდებოდით “ალიანც სთედიუმზე”. მოკლედ საათზე მეტი წვალების შემდეგ იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სახლს მივადექით. ისე, სანამ იქაურ შთაბეჭდილებებზე გიამბობთ, გეტყვით, რომ “ბებერი ქალბატონის” არენას მეტროსადგური არ უდგება და ავტობუსით მგზავრობა მოგიწევთ მისი სილამაზით დასატკბობად.
ასე იყო თუ ისე, “ალიანც სთედიუმი” ჩვენი თვალთახედვის არეში ავტობუსში ყოფნის დრო გამოჩნდა და ბევრი არ გვიფიქრია, მაშინვე, გაჩერება მოვითხოვეთ. ჩამოვედით და ფეხით გავუყევით პატარა, მაგრამ ძალიან მომხიბვლელ წმინდა საფეხბურთო არენას. ჯერ გული გარე ინტერიერით ვიჯერეთ და მერე შიგნით შეღწევა ვცადეთ. თუმცა ამაოდ... როგორც მისაღებში გვითხრეს “ალიანც სთედიუმი” იმ დღეს ადრე დაიკეტა და თვალებით იმ ადგილისკენ მიგვანიშნა, სადაც არენის დათვალიერების დროები იყო გამოფენილი. აქ კი, ის ერთი საათი ვინანეთ, რომელიც სტადიონის ძიებაში დავკარგეთ, მაგრამ რა გაეწყობოდა, თავს ზემოთ ძალა აღარ იყო. სამაგიეროდ, ღია იყო “იუვენტუსის” მუზეუმი და რა თქმა უნდა, ბევრი არ გვიფიქრია, ბილეთები ვიყიდეთ.
სწორედ იუვენტუს მუზეუმში ნანახით დავიწყეთ დღევანდელი წერილი – იქაურ შთაბეჭდილებებზე საუბარი საკმაოდ რთულია. ეს უბრალოდ ფანტასტიკა იყო. იქაურობა ერთიანად აღნიშნავს წარსულს, აწმყოსა და თავისებურად მომავალს. თავიდან დღევანდელი ფორმაციით გუნდის ყველა ფეხბურთელის სილუეტები გხვდებიან და მერე, ერთი ოთახი ჩნდება, რომელშიც “ბებერი ქალბატონის” ტიტულებია გამოფენილი. შესაძლოა, “იუვე” ჩემპიონთა ლიგის თასებით სამშობლოში ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სხვა დანარჩენი თასების სიმწირეს არ განიცდის და რეალურად ყველაზე მეტი თასიც აქვს იტალიურ კლუბებს შორის მოგებული. მოკლედ, აქ მცირე ხნით ნადვილად ვერ გაჩერდებით და ერთი წუთს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე გაუთავებლად. ჩვენს იქ ყოფნაში ერთი იტალიელი გოგონა მოვიდა, რომელიც ტელეფონით ვიდეოს იღებდა და რეაქციიდან აშკარად ჩანდა, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა – გაოცება გამოხატა და კარგა ხანს ვერ დაიმშვიდა სახის გამომეტყველება...
მუზეუმში შენახულია ყველა იმ ფეხბურთელის მაისური, რომელთაც “იუვეს” რიგებში მინიმუმ 300 მატჩი აქვთ ჩატარებული. ეს სია საკმაოდ გრძელი და შთამბეჭდავია: ყველაფერი ლეონარდო ბონუჩით იწყება (319 მატჩი) და ალესანდრო დელ პიეროთი მთავრდება (705 მატჩი). იქვე არიან, ჯიჯი ბუფონი, პაველ ნედვედი, დავიდ ტრეზეგე, ანტონიო კონტე, ჯორჯო კიელინი, გაეტანო შირეა, ჩირო ფერარა, კლაუდიო მარკიზიო, დინო ძოფი, ანტონიო კაბრინი და სხვა არაერთი ლეგენდა.
ამ მხრივ არა, მაგრამ მაინც მუზეუმშია ზინედინ ზიდანის, ფაბიო კანავაროს მაისურები და იქვე ნედვედიც, რომელთაც ავტოგრაფები ამშვენებს. მერე ირგვლივ მარჩელო ლიპისა და ჯოვანი ტრაპატონის საუბრებს მოისმენთ, თუმცა, კარგა ხანს უნდა ეძებოთ თუ საიდან ისმის ხმა და ბოლოს აღმოაჩენთ მათ გამოსახულებებს. ამოიკითხავთ სხვა და სხვა პერიოდის ფრაზებს “იუვენტუსის” შესახებ, ნახავთ ბუფონის პრიზს მსოფლიოს საუკეთესო კიპერის თაობაზე და პაველ ნედვედის ოქროს ბურთსაც. ალესანდრო დელ პიეროს თითქმის ორმეტრიანი სილუეტიც იქვეა და მოკლედ, ისტორიაში მოგზაურობა თუ გსურთ, ტურინელთა მუზეუმს უნდა ესტუმროთ. მუზეუმშივეა დიდი მონიტორები, რომლის მართვა ნებისმიერ დამთავლიერებელს შეუძლია - თითის ერთი მოძრაობაც საკმარისია და ნებისმიერი ფეხბურთელის, ნებისმიერ სეზონში ჩატარებულ მომენტებს გადაავლებთ თვალს, ვისაც "ბებერი სინიორას" რიგებში ერთხელ მაინც უთამაშია.
ბოლოს, როცა გვეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა და ვნახეთ, თურმე, მთავარი იქ იწყებოდა. შემთხვევით ერთ ადგილს მივადეგით. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ფარდა გადავწიეთ და...
იქ მრგვალი მოედანია და ირგვლივ “იუვენტუსის” თამაშების ვიდეოფირებია ჩართულია ტიფოზების სიმღერის ფონზე, ჰიმნიც გაისმება, აპლოდისმენტებიც და მოკლედ, თავი რეალურად სტადიონზე გეგონებათ და თანაც, უამრავი ლეგენდის ბურთის გორებასაც შეავლებთ თვალს. ეს მართლაც იყო მოგზაურობა დროში...
თავი რომ არ შეგაწყინოთ, “იუვეს” მუზეუმმა იმდენად მოგვხიბლა და “ჩაგვითრია” დროის გასვლა ვერც შევამჩნიეთ. გაგიკვრიდებათ და მუზეუმიდან ბოლო გავედით, არამარტო დამთვალიერებლებს შორის, არამედ იქ მომუშავე პერსონალთან შედარებითაც. სამწუხაროა, რომ “ალიანც სთედიუმის” შესწავლა ვერ შევძელით. ასე, ჩვენი სტატია უფრო მდიდარიც იქნებოდა და საინტერესოც...
გიორგი მელქაძე და სოფო ერქვანია ტურინიდან