ფეხბურთი

15:16 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბაჯომ გაიტანა, ფრენა გადაიდო (+VIDEO)
დაუვიწყარი 50

14 ივნისამდე 134 დღე დარჩა და Worldsport.ge მანამდე 50 გამორჩეულ მატჩზე სათითაოდ დაწერს. წლების მიხედვით არ მივუყვებით, ჩვენი ვერსიით საუკეთესო და დასამახსოვრებელ თამაშებზე დავწერთ. ესეც მატჩი მეოთხე...

ალბათ, არცერთ მუნდიალზე ფეხბურთელს არ გადაუტანია იმდენი დრამა, რამდენიც რობერტო ბაჯომ გადაიტანა 1994 წელს. ჯგუფურ ეტაპზე არაფერი გაუკეთებია, მერე მერვედფინალიდან დაწყებული, ლამის პირადად გაიყვანა გუნდი ფინალამდე, იქ კი პენალტების სერიაში ააცილა.

“ცხენისკუდა” იმ დროს “ოქროს ბურთის” მოქმედი მფლობელი იყო, “იუვენტუსში” დაფრინავდა და საოცარ ფორმაში შეხვდა მუნდიალს.

სანამ მერვედფინალს მივხედავდეთ: იტალია ძლივს გავიდა ჯგუფიდან, ისიც მესამე ადგილით. ჯგუფში ერთი თამაში მოიგო, ნორვეგიასთან 1:0. ამ შეხვედრაში კი საოცარი ამბავი მოხდა: პირველი ტაიმის შუაში იტალიას მეკარე ჯანლუკა პალიუკა გაუძევეს, არიგო საკიმ კი მეკარე ლუკა მარკეჯანი რომ შეიყვანა, აბა, ვინ გამოცვალა? რობერტო ბაჯო...

ეს იყო ერთ-ერთი საოცარი გადაწყვეტილება, რაც კი რომელიმე მწვრთნელს ოდესმე მიუღია. დინო ბაჯოს თავურმა საკი გადაარჩინა, იტალიამ მოიგო.

მაშ ასე, ბოსტონი, მფრინავი ნიგერია და გამოუცნობი იტალია, რომლისგანაც რაღაც განსაკუთრებულს ელიან, მაგრამ ეს განსაკუთრებული ჯერ არ ჩანს. ნიგერიას ჰოლანდიელი კლემენს ვესტერჰოფი წვრთნიდა, ხოლო გუნდში ბრწყინვალე შემტევები თამაშობდნენ: მარჯვნიდან ჯორჯ ფინიდი, მარცხნიდან ემანუელ ამუნიკე, ათ ნომერზე ჯეი-ჯეი ოკოჩა და წინ ორი “ბიზონი”, დანიელ ამოკაჩი და რაშიდი იეკინი.

დღესაც კი, როცა აფრიკის ყველა დროის საუკეთესო ნაკრებზე ჩამოვარდება საუბარი, უპირველესად ნიგერია-94 უნდა ახსენონ.

...ნიგერია ბოლო წუთებამდე იგებდა. ფინიდიმ კუთხური ჩააწოდა, პაოლო მალდინის ფეხიდან ცუდად აეჭრა ბურთი და ამუნიკემაც ტექნიკურად გაუტანა მარკეჯანის. განგაში!

მალდინი ძალიან განიცდიდა ამ შეცდომას და შეტევაში ხშირად ერთვებოდა, კარისკენაც სამჯერ დაარტყა. დრო იწურებოდა, ნიგერია ბურთს ფლობდა და იტალია შტურმის მაგვარსაც ვერ ახერხებდა.

“სკუადრა აძურას” მდგომარეობა მექსიკელმა მსაჯმა დაამძიმა, როცა ჯანფრანკო ძოლა გააძევა. რისთვის? ძოლამ სიმულიანტობას მიმართა, წაიქცა და რომ დაინახა მსაჯი პენალტს არ ნიშნავდა, ავგუსტინ ეგუავონს ეუხეშა. თუმცა ეს არ იყო ისეთი უხეშობა, რის გამოც პირდაპირ წითელ ბარათს აჩვენებენ – მსაჯმა ძოლა გაწირა და მთლიანად იტალიაც სასწაულის იმედადღა დატოვა.

და ხსნა რომ არსაიდან ჩანდა, რობერტო მუსის გარღვევა და “ცხენისკუდას” გამოზომილი, ბილიარდული სიზუსტის დარტყმა ვნახეთ – 1:1.

ბოლო წუთები იყო. ხმა გავრცელდა, იტალიელ ქომაგთა ჯგუფი იმდენად უიმედოდ იყო, აეროპორტში მიდიოდნენ ბილეთების ასაღებადო. ფრენა გადაიდო.

“აუღებელი იყო. არა ემოციაზე, არამედ სისუსტეზე გათვლით დავარტყი. იღბალი? თუ ბოლო წუთებზე გოლი გაგაქვს, ცოტა უნდა გაგიმართლოს კიდეც, თუმცა ეს იყო ცივი გონებით დარტყმული. იმ დროს ემოციებზე თამაშის უფლება არ მქონდა. იტალია გავარდნის პირას იყო...” – თქვა მატჩის შემდეგ ბაჯომ.

რა თქმა უნდა, 1:1 მოგებას არ ნიშნავდა, წინ დამატებითი დრო იყო და თან, იტალია კაცნაკლული თამაშობდა. მაგრამ ნიგერიელები დადგნენ, მორალურად გატყდნენ და ეს ზოგადად აფრიკული ნაკრებების სენია. იტალია კი შეუჩერებელი გახდა.

რა უნდოდა ეგუავონს, რისთვის მოცელა საჯარიმოში ანტონიო ბენარივო? საჭირო არ იყო, მაგრამ ნიგერიელ ფეხბურთელთა უმრავლესობას გამოცდილება არ ჰქონდა. პენალტი დაინიშნა და რობერტო ბაჯომ გაიტანა.

არადა, ამ პენალტამდე რამდენიმე წუთით ადრე რაშიდი იეკინიმ პირისპირ გასვლისას ვერ ივარგა.

ეს არის - ნიგერიელებს ჰქონდათ მაღალი ტექნიკა, დიდი ფიზიკური ძალა, მაგრამ აკლდათ ცივსისხლიანობა და ხასიათი.

და რაც მთავარია, აკლდათ რობერტო ბაჯო.

მატჩი IV
1990. მერვედფინალი
5 ივლისი. ბოსტონი

იტალია – ნიგერია 2:1 (დამ.დროში)

იტალია: მარკეჯანი, მუსი, კოსტაკურტა, მალდინი, ბენარივო, ალბერტინი, ბერტი (დ.ბაჯო 46), დონადონი, სინიორი (ძოლა 63), რ.ბაჯო, მასარო

მწვრთნელი: არიგო საკი

ნიგერია: რუფაი, უგუავონი, ემენალო, ოკეჩუკვუ, ნვანუ, ოლისე, ფინიდი, ოკოჩა, ამუნიკე (ოლიჰა 56), ამოკაჩი (ადეპოჟუ 35), იეკინი

მწვრთნელი: კლემენს ვესტერჰოფი

გოლები: 0:1 ამუნიკე (26), 1:1 რ.ბაჯო (88), 2:1 რ.ბაჯო (102 პენ)

გაძევება: ძოლა (75)

მსაჯი: ბრისიო კარტერი (მექსიკა)

0.116532