ფეხბურთი

18:14 | 29.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის მეორე ტრიუმფი (+VIDEO)
დაუვიწყარი 50

ეჰ, როდის გავა 4 წელიწადი... რამდენჯერ გვიფიქრია მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. ეს ხომ ზეიმია, ფეხბურთში მუნდიალზე დიდი რამ ხომ არ არსებობს, აქ ერთი კარგი თამაში, ერთი გოლი, ერთი მაგარი პასი ხომ სამუდამოდ ისტორიაში იწერება. ეს ერების ბრძოლაა.

14 ივნისამდე 136 დღე დარჩა და Worldsport.ge მანამდე 50 გამორჩეულ მატჩზე სათითაოდ დაწერს. წლების მიხედვით არ მივუყვებით, ჩვენი ვერსიით საუკეთესო და დასამახსოვრებელ თამაშებზე დავწერთ.

მატჩი III
1962. ფინალი
ჩილე. სანტიაგო. "ესტადიო ნასიონალი"
ბრაზილია - ჩეხოსლოვაკია 3:1
ბრაზილია: ჟილმარი, ჯალმა სანტოსი, ზოზიმო, მაურო, ნილტონ სანტოსი, ზიტო, დიდი, გარინჩა, ზაგალო, ამარილდო, ვავა
მწვრთნელი: აიმორ მორეირა
ჩეხოსლოვაკია: შროიფი, ტიხი, პოპლუხარი, პლუსკალი, ნოვაკი, კვაშნიაკი, მასოპუსტი, პოპლუხარი, ჟელინეკი, შერერი, კადრაბა
მწვრთნელი: რუდოლფ ვიტლაჩილი
გოლები: 0:1 მასოპუსტი (14), 1:1 ამარილდო (17), 2:1 ზიტო (69), 3:1 ვავა (78)
მსაჯი: ლატიშევი (სსრკ)


1962 წლის 17 ივნისს ბრაზილია მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამჯერად არა ვისენტე ფეოლას, არამედ აიმორე მორეირას მწვრთნელობით. ფეოლა ავად იყო, რაც ზედმეტი სიმსუქნისგან იყო გამოწვეული. იმ წლებში საავადმყოფოს ხშირი სტუმარი გახლდათ.

რა შეცვალა აიმორე მორეირამ ფეოლას ფანტასტიკურ ნაკრებში? მთავარი რაც შეცვალა, ტაქტიკური სქემა: მარიო ზაგალო მარცხენა ნახევარმცველად დასწია და 4-3-3 სქემაზე გადავიდა. კიდევ, ცენტრალურ მცველებად სხვები დააყენა, ბელინისა და ორლანდოს ნაცვლად, ზოზიმო და მაურო.

რას წარმოადგენდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრები - ორი წლით ადრე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მივიდა, ჩილეს მუნდიალზე კი უფრო გაძლიერებული იყო. პრაღის "დუკლადან" და ბრატისლავის "სლოვანიდან" ჰყავდათ ფეხბურთელთა უმრავლესობა, ხოლო საუკეთესო რგოლი, უდავოდ, ნახევარდაცვა: აქ თამაშობდა იოზეფ მასოპუსტი (მოგვიანებით, "ოქროს ბურთი" აიღო), კარგი იყო ტომაშ პოსპიჰალი და ეს ორნი ამინდს ქმნიდნენ ცენტრში.

ბრაზილია და ჩეხოსლოვაკია ფინალამდე ჯგუფში შეხვდნენ ერთმანეთს. 0:0 დამთავრდა და სწორედ იმ მატჩში დაშავდა პელე. მოგეხსენებათ, იმ დროს შეცვლები აკრძალული იყო და ბრაზილიამაც 10 კაცით ითამაშა. პელე მუნდიალს დაემშვიდობა! ეს დიდი დარტყმა იყო "სელესაოსთვის". ვის უნდა შეეცვალა პელე? სათქმელად როგორია, მაგრამ გამოჩნდა 21 წლის ამარილდო, "ბოტაფოგოს" ფლანგელი თავდამსხმელი. მორეირას არჩევანმა გაამართლა და ამარილდომ გადამწყვეტი გოლები გაიტანა: ორი ესპანეთთან ჯგუფში (კრიტიკულ დროს, როცა წაგების შემთხვევაში ბრაზილია ჯგუფში რჩებოდა), მერეც იფრინა და ფინალშიც გაიტანა თავისი გოლი.

და მაინც, ბრაზილიას გაცილებით გაუჭირდებოდა ფინალში, რომ არა ჩეხოსლოვაკიელთა მეკარე ვილიამ შროიფის უხეში შეცდომები. არადა, ზოგადად, შროიფი მაღალი კლასის მეკარედ მიიჩნეოდა, მესამე მუნდიალს ატარებდა.

პოსპიჰალის დაფარული ფასი და იოზეფ მასოპუსტმაც ძლიერი დარტყმა მიაყოლა. ჟილმარის ბრალი არ იყო - 1:0.
მოქმედი ჩემპიონი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, მაგრამ მალევე ამარილდო ისარივით მოწყდა მარცხნიდან და მოულოდნელი დარტყმით ახლო კუთხეში გაიტანა.შროიფს ჩაეძინა - 1:1.

ბრაზილია სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ხოლო ევროპელებს, რაც დრო გადიოდა, დაღლა ეტყობოდათ. აქედან გარინჩა, იქიდან ამარილდო... უკვე ვეღარ აუდიოდნენ შეტევებს.

ჰო, გარინჩას წესით არ უნდა ეთამაშა ფინალში, რადგან ჩილესთან ნახევარფინალში გააძეევეს, თუმცა ეს წითელი ბარათი მოუხსნეს: აშკარა იყო, რომ არ იმსახურებდა. ბრაზილიის პრემიერმინისტრმა ჩილეში წერილი აფრინა, რომელშიც ითხოვდა ეპიზოდის განხილვას. სადისციპლინო კომიტეტი შეიკრიბა და შვიდი წევრიდან ხუთმა გარინჩას დისკვალიფიკაციის მოხსნას დაუჭირა მხარი. ჩეხოსლოვაკიელების გარდა, ეს ამბავი ალბათ ყველას გაუხარდა.
ფინალზე დასასწრები ბილეთის ფასი გაიზარდა...

დავუბრუნდეთ ფინალს, უფრო სწორედ მეორე ტაიმს. ბრაზილიამ თავისი ორჯერ გაიტანა: ამარილდომ ზიტოს გაატანინა ცარიელ კარში და 2:1 გახდა. ცხრა წუთში კი შროიფმა კიდევ ერთხელ "იყოჩაღა", როცა ჯალმა სანტოსის ჩაწოდებული ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა. ვავამაც ახლოდან ცარიელ კარში გაიტანა და ყველაფერი დამთავრდა.
შროიფს მეორე ტაიმში მზისგან დასაცავად ქუდი ეფარა, მაგრამ ამ მომენტში, კარიდან გამოსვლისას მაინც მზემ შეუშალა ხელი. თვითონ შროიფმა ასე თქვა და რა უფლება გვაქვს, არ დავუჯეროთ.

ფინალში მოთამაშე 11 ჩეხოსლოვაკიელიდან დღეს სამნი, ადოლფ შერერი, იოზეფ ჟელინეკი და იოზეფ კადრაბა არიან ცოცხლები. ბრაზილიელთა თერთმეტეულიდან კი ორნი - ზაგალო და ამარილდო...


0.133027