კალათბურთი

15:53 | 27.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ქუთაისმა” მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-16 ტურის ბოლო მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. დაგეგმილი სამი მატჩიდან ერთი უკვე დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა “ქუთაისმა” მარნეულის “დელტას” 81:63 სძლია და მეორე წრე პირველ ადგილზე დაასრულა.

საბოლოო ანგარიშის მიუხედავად, აღნიშნულ შეხვედრაში ბრძოლა იყო. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა 3 ქულა იყო. ქუთაისელები 66:63 იგებდნენ და “მარნეულმაც” ჩამორჩენის კიდევ უფრო შემცირების რამდენიმე შანსი გაანიავა. იმერულმა კლუბმა ამით ისარგებლა, სწრაფი შეტევებით ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა და მატჩი ისე ჩაამთავრა, მის გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია.

გამარჯვებულებს 18 ქულითა და 7 მოხსნით ჯონათან ლიმ ულიდერა. 15 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო აკაკი ლომოურმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. “დელტას” შემადგენლობაში 22 ქულით საუკეთესო იყო საბა ლობჯანიძე. 13 ქულა ნიკოლას ნილმა მოაგროვა.

დელტა – ქუთაისი 63:81

მატჩისშემდგომი კომენტარები:

კოტე ტუღუში („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): „რთული თამაში იყო, გასვლითი თამაშები ყოველთვის რთულია. მითუმეტეს, „დელტა“ ნამდვილად პროგრესირებადი გუნდია, წინა თამაშები ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, შესაბამისად, დიდ ბრძოლას ველოდით. პირველ ტაიმში კარგად ვასრულებდით ყველა დავალებას და ეს ანგარიშზეც აისახა, მაგრამ, სამწუხაროდ, მესამე პერიოდში მოვდუნდით და მივეცით მოწინააღმდეგეს თამაშში დაბრუნების შესაძლებლობა. შეიძლება ითქვას, რომ მოგვიწია, მეორედ მოგვეგო ეს თამაში და მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ.“

თემურ კანკია (მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი): „სამწუხაროდ, ფარის ქვეშ დაგვჯაბნეს. ვერ შევძელით მოხსნების მოპოვება, რის გამოც სამწამიანში ზონაში დავიჩაგრეთ და აქედან გამომდინარე, დავმარცხდით. ვულოცავ „ქუთაისს“ გამარჯვებას.“

შემდეგ მატჩში ერთმანეთს “დინამო” და “ბათუმი” შეხვდებიან.

gbf.ge

0.1381