ჩოგბურთი

14:44 | 26.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩონი დანებდა, ფედერერი მე-20 სლემს შეუტევს (+VIDEO)

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში როჯერ ფედერერი ჰიონ ჩონს დაუპირისპირდა და სამხრეთკორეელმა მეორე სეტში, როცა ანგარიში 6:1, 5:2 იყო ფედერერის სასარგებლოდ, თამაში შეწყვიტა. მეორე სეტში ჩონმა სამედიცინო შესვენება აიღო, აზიელს ფეხზე მცირე ტრავმა ჰქონდა. მიუხედავად ექიმების დახმარებისა, ჰიონმა მაინც გადაწყვიტა დანებებოდა.

ფედერერი დიდი სლემის 30-ე ფინალში გავიდა, ავსტრალიის ღია პირველობის გადამწყვეტ მატჩში კი მეშვიდედ ითამაშებს და მეექვსედ შეეცდება გამარჯვებას. ასევე, შვეიცარიელი მე-20 სლემის მოგების მოლოდინშია და ამის გაკეთებას კვირას მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შეეცდება.

მატჩის შემდეგ ფედერერმა განაცხადა, რომ პირველ სეტში თამაში ნორმალურად წარიმართა, თუმცა მეორე სეტში მეტოქეს შეატყო, რომ ფეხი ტკიოდა. შვეიცარიელი მიიჩნევს, რომ კორეელი მზადაა გამოწვევები მიიღოს და ათეულში დამკვიდრდეს.

"მე შევძელი და დავინახე თუ რატომ დაამარცხა მან ნოვაკ ჯოკოვიჩი და ალექსანდრ ზვერევი. ჩონი აპირებს გახდეს დიდებული, დიდებული მოთამაშე." - აღნიშნა ფედერერმა მატჩის შემდეგ.

ჩონიზე კი დადებითის მეტი არაფერი ითქმის, რადგან მილანის ახალგაზრდული ტურნირის გამარჯვებულმა ავსტრალიაში სენსაცია სენსაციაზე მოახდინა. პირველ შეხვედრაში კორეელი მიშა ზვერევს შეხვდა და გერმანელი მეორე სეტში დანებდა, შემდეგ კი აზიელმა დანი მედვედევი დაამარცხა. პირველი გამოცდა კი ტურნირის მეოთხე ნომერ ალექსანდ ზვერევთან ჰქონდა, რომელიც 3:2 დაამარცხა, ბოლო სეტში კი მეტოქე საერთოდ 6:0 გაანადგურა. შემდეგ იყო გამარჯვება ნოვაკ ჯოკოვიჩთან, დაამარცხა რა ავსტრალიის ღია პირველობის 6-გზის გამარჯვებული სამ სეტში. მეოთხედფინალში კი ასევე სენსაციების მოქმედ ტენის სანგრენს იოლად სძლია. ტურნირის დაწყებამდე ჩონი რეიტინგში 58-ე ადგილზე იყო, ორშაბათს კი კორეელი 29-ე პოზიციამდე დაწინაურდება და მომავალ ტურნირებზე ფავორიტთა შორისაც მოიაზრებენ.

2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი ფედერერსა და ჩილიჩს შორის 28 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. ხორვატი შეეცდება წინა წელს უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩში განცდილი მარცხის გამო როჯერს რევანში აუღოს. თავის მხრივ კი 36 წლის შვეიცარიელს უფრო დიდი სტიმული აქვს, რადგან მე-20 დიდი სლემის მოგების შანსი აქვს. ურთიერთშეხვედრებში ფედერერი მარინს 8:1 ამარცხებს, ხორვატმა მეტოქე მხოლოდ 2014 წელს ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალურ სტადიაზე დაამარცხა, სადაც საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. ფედერერმა ავსტრალიაში რომც იმარჯვოს, რეიტინგში პირველ ადგილოსან რაფაელ ნადალს ვერ გაუსწრებს, თუმცა ჩამორჩენას 155 ქულამდე შეამცირებს და 9605 ქულა ექნება. ჩილიჩმა კი უკვე კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, უკან ჩამოიტოვა მესამეადგილოსანი გრიგორ დიმიტროვი და განახლებულ რეიტინგს ან 4960 ქულით შეხვდება, ან 5760 ქულით.

0.123159