თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" 25 იანვარს პირველი ტესტ მატჩი ლუგანსკის "ზორიასთან" ჩაატარა და 0:3 დამარცხდა.
დინამოელებმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშეს. გუნდს გუჯა რუხაია შეუერთდა, რომელმაც დაცვის მარჯვენა ფრთაზე იასპარეზა. საყრდენი ნახევარმცველის ადგილზე კი ბაქარ ქარდავასთან ერთად დმიტრო ივანისენიამ ითამაშა.
პირველ ტაიმში თბილისელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ. ტაიმის ბოლოს კი მეტოქემ კუთხური ჩამოაწოდა, "ზორიას" შემტევმა მცველთა უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში.
მეორე ტაიმში კაჭარავამ თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა და ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. მათაც რამდენიმე მომენტში საკმაოდ იაქტიურეს. აღსანიშნავია მიხეილ ერგემლიძის და თაზო ბაბუნაძის მომენტები, რომელთაც გოლამდე ოდნავ დააკლდათ.
დინამოელთა კარში მეორე გოლი შორი მანძილიდან დარტმულ საჯარიმოს მოჰყვა, მესამე კი მცველისა და მეკარის უყურადღებობას. მეორე ტაიმში დაცვის ცენტრში კიდევ ორმა სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელმა, სერბმა ნიკოლა მარიანოვიჩმა და ლუკა გადრანმა ითამაშა. დინამოელებმა პირველი მატჩი მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვების ფონზე ჩაატარეს.
დინამო - ზორია 0:3
დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ქარდავა, ივანისენია, შულაია, ივანიშვილი, კიტეიშვილი, ზივზივაძე
მეორე ტაიმში შევიდნენ: გაბუნია, ერგემლიძე, გადრანი, გაბიტაშვილი, კუცია, ქოჩლაძე, მარიანოვიჩი, ბაბუნაძე, დარცმელია, ბ. ხარშილაძე
fcdinamo.ge