14 ივნისამდე 140 დღე დარჩა და Worldsport.ge მანამდე 50 გამორჩეულ მატჩზე სათითაოდ დაწერს. წლების მიხედვით არ მივუყვებით, ჩვენი ვერსიით საუკეთესო და დასამახსოვრებელ თამაშებზე დავწერთ...
“დაუვიწყარი 50” - ეს ახალი რუბრიკაა და შევეცდებით, მკითხველისთვის საინტერესო იყოს.
მატჩი II
1970. მეოთხედფინალი
ლეონი. “კამპო ნუევო”
გფრ – ინგლისი 3:2 (დამატებით დროში)
გფრ: მაიერი, ფოგთსი, შნელინგერი, ჰიოტგესი (შულცი 46), ბეკენბაუერი, ფიჰტელი, ოვერატი, ლიორი, ზეელერი, ლიბუდა (გრაბოვსკი 55), მიულერი
მწვრთნელი: ჰელმუტ შიონი
ინგლისი: ბონეტი, მური, ნიუტონი, კუპერი, ლებონი, ბ.ჩარლტონი (ბელი 70), ბოლი, მალერი, ლი, ჰერსტი, პიტერსი (ჰანტერი 81)
მწვრთნელი: ალფ რამსეი
გოლები: 0:1 მალერი (30), 0:2 პიტერსი (49), 1:2 ბეკენბაუერი (68), 2:2 ზეელერი (82), 3:2 მიულერი (108)
მსაჯი: კოერესა (არგენტინა)
1970 წლის 14 ივნისი, მექსიკა, ქალაქი ლეონი, ხვატი, გფრ ინგლისის წინააღმდეგ... გავა 120 წუთი და ინგლისის ნაკრების თავკაცი ალფ რამსეი გორდონ ბენქსის არყოფნას დააბრალებს წაგებას. ბენქსს თამაშის დილას კუჭი ასტკივდა, საჭმელმა მოწამლა და ვერაფრით გამოაჯანმრთელეს. კარში დადგა პიტერ ბონეტი და ბენქსობა ვერ იკისრა.
არადა, ყველაფერი ბრიტანელთა სასარგებლოდ მიმდინარეობდა. ტაიმნახევრის თავზე ორი ბურთით იგებდნენ და მეტიც, გერმანიას კარის ჩარჩოში არ ჰქონდა დარტყმული!
რამსეის ბიჭებმა ორივეჯერ ფლანგური გადაცემის შემდეგ გაიტანეს: ჯერ მალერიმ, მერე კი პიტერსმა. თამაშიც ინგლისელებისა იყო, თუმცა მერე რა მოხდა, ერთი რამით აიხსნება – გერმანული ხასიათი!
ფრანც ბეკენბაუერმა მიიღო ბურთი, მალერი იოლად მოატყუა და დაბალი დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. როგორც უკვე დავწერეთ, ეს იყო პირველი დარტყმა ბონეტის კარში და ბენქსის დუბლიორს ესეც ეყო გასაშვებად.
“კაიზერ ფრანცის” გოლმა ჰელმუტ შიონის გუნდი დაქოქა და შნელინგერის მაღალ გადაცემას უვე ზეელერის თავური და ტაბლოზე 2:2 მოჰყვა. თავური? ისე ჩანდა, თითქოს ზეელერმა კეფა დაარტყა. ბონეტი კარიდან იყო გამოსული და გერმანელთა 33 წლის ვარსკვლავმა თავზე გადაუგდო.
ზეელერის ამ გოლის აღწერით, მგონი, გღლით. ეს უნდა ნახოთ. სამუდამოდ შევიდა ისტორიაში...
მოგვიანებით ზეელერმა თქვა: “ეს იყო შურისძიება ოთხი წლის წინანდელი ფინალისთვის. ტოფიკ ბახრამოვის შეცდომისთვისა და ჩემპიონობის დაკარგვისთვის”.
ზეელერი ამჟამად 81 წლისაა, ჰამბურგელი ლეგენდა ამ მატჩს ყველაზე წინ აყენებს და ინტერვიუებში ახსენებს, მსგავსი სიხარული არასოდეს განმიცდიაო.
თუმცა, ბეკენბაუერისა და ზეელერის გოლებამდე მოხდა ის, რამაც ყველა გააოცა. რამსეიმ ბობი ჩარლტონი შეცვალა. ჩარლტონს ფეხი ეტკინა, მაგრამ მოედანზე დარჩენას მაინც ითხოვდა, მწვრთნელმა კი არ დაუჯერა...
ასეა თუ ისე, დამატებით დროში გადავიდა საქმე, იქ კი შიონის გუნდმა გაიტანა. გრაბოვსკიმ ფლანგი აიკლო, ჩააწოდა, ლიორმა თავით შემოაბრუნა ბურთი და ჩასაფრებული გერდ მიულერი ადგილზე იყო. აი, დაცვას კი ჩაეძინა. მიულერმა მანამდე ხუთი წუთით ადრე გააცუდა იდეალური მომენტი, ამჯერად კი გამოიყენა და გერმანიამ 3:2 მოიგო.
დარჩენილ დროში არგენტინელ მსაჯს კოერესას შეეძლო პენალტი დაენიშნა გერმანელთა კარში, მაგრამ ბეკენბაუერის მიერ წესების დარღვევას წაუყრუა.
გერმანელებს იმ წელს ჩემპიონობა არ ეწერათ. ამისთვის 1970 წელს სხვა ნაკრები არსებობდა, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიაში...