კალათბურთი

10:35 | 25.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის გუნდმა “უნიკსს” მეორე მატჩიც მოუგო

მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც პლეი ოფის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა. ემილიელებმა ევროთასის ტოპ-16-ის მორიგ ტურში ყაზანის “უნიკსს” უმასპინძლეს და დრამატულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით – 76:75 იმარჯვეს.

ეს გამარჯვება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ რეჯიოემილიელებმა რუსულ კლუბთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მოიპოვეს და ვინძლო, ჯგუფური ეტაპი თანაბარი ქულებით დაასრულონ, მარკოიშვილის გუნდი წინ იქნება. “რეჯიო ემილიამ” წინა ტურში უნიკსელები ყაზანშიც დაამარცხა და შესაბამისად, ორმატჩიანი დუელი მოგებული აქვს.

ყაზანელები ბოლო პერიოდის წინ 10 ქულით ლიდერობდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა დასკვნითი 10-წუთეული მასპინძლებმა 26:15 მოიგეს და დაძაბულ ფინალში ქულით იმარჯვეს.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე 5 ქულა, 3 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვდა. მანუჩარმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. საუკეთესო შედეგი ამადეო დელა ვალემ აჩვენა, რომელმაც 21 ქულას უწია, ჯულიან რაიტმა კი 17 ქულა დააგროვა.

3 მოგებითა და 1 მარცხით “რეჯიო ემილია” ანალოგიური შედეგის მქონე “ვილერბანთან” ჯგუფში 1-2 ადგილებს იყოფს. მომდევნო, ბოლოსწინა ტურში მარკოიშვილის გუნდი 30 იანვარს სტუმრად “ლიმოჟს” შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს. შეგახსენებთ, რომ 4-გუნდიანი ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო გადის.

gbf.ge

0.124581