საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას ერთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ ტურნირის ფორმატი საინტერესოა და ეროვნულ ნაკრებს შანსი ექნება ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძოლოს.
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ კენჭისყრაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები D ლიგის A ჯგუფში მოხვდა, სადაც "ჯვაროსნების" მეტოქეები ლატვია, ყაზახეთი და ანდორა იქნებიან. უეფას შტაბბინაში კობიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.
“ერთა ლიგის ფორმატი ძალიან საინტერესოა,ამხანაგურ თამაშებს, რეალურად ეს ფორმატი ჩაანაცვლებს. რაც შეეხება წილისყრას და ჯგუფს. ვფიქრობ რომ საინტერესო ჯგუფია, იოლი თამაშები არ იქნება, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ იყო ვინ შეგვხვდებოდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ სექტემბერში , როდესაც დაიწყება თამაშები, ისეთი გუნდი გვყავდეს მოედანზე,რომელიც ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან თამაშისას შეძლებს, შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დაასრულოს. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და ამისკენ უნდა წავიდეთ და ვიმუშაოთ. როგორც ჩვენ ვთვლით,რომ ეს არის შანსი, დარწმუნებული ვარ ყველა ის გუნდიც ასე ფიქრობს ერთა ლიგაზე" - ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.