საჩხერის “ჩიხურაში” მაინცდამაინც სასიამოვნო ამბები არ ხდება. ფეხბურთელთა დიდმა ჯგუფმა დატოვა გუნდი. “ჩიხურას” მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გუნდში არსებული ვითარება გაგვაცნო:
- ვარჯიში 12 იანვარს დავიწყეთ საჩხერეში. 5 თებერვალს თურქეთში წავალთ შეკრებაზე, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ: ესტონეთის “ლევადიასთან”, პოლონეთის “პოდბესკიძიესთან”, ყაზახეთის “კაისართან” და უკრაინის “ობოლონთან”. სწორედ ამ შეკრების შემდეგ უფრო დავაკომპლექტებთ შემადგენლობას, მანამდე კი კარგად დავაკვირდებით.
...წამყვანი ფეხბურთელების წასვლა? სადღეისოდ დაფინანსება არ გვაქვს, მაგრამ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ფეხბურთელებს უკეთესი პირობები შესთავაზეს და წავიდნენ. დარჩნენ დინო ჰამზიჩი, ზურაბ მწყერაშვილი, შოთა კაშია, ლაშა ჩიკვაიძე, ბაქარ მირცხულავა, ლევან კაკუბავა, დენის დობროვოლსკი, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი გაბედავა.
...მოვიწვიეთ თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე ფოთის “კოლხეთიდან”, ნახევარმცველი თემურ მარკოზაშვილი “სამტრედიადან”, მცველები დავით მაისაშვილი “მერანიდან” და რევაზ ჩიტეიშვილი “ლოკომოტივიდან”. პორტუგალიელ თავდამსხმელსა და ბრაზილიელ ნახევარმცველს ველოდებით.
...რა მიზანი გვექნება, ამაზე მოსამზადებელი ეტაპის მერე უფრო ვისაუბრებ. ჯერჯერობით რთულია რაიმეს თქმა.