ფეხბურთი

10:43 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ადებაიორს არსენი და "არსენალი" ეზიზღება, მოურინიო - უყვარს

თურქეთის ვიცე-ჩემპიონ “ბაშაკშეჰირის” თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი წარსულის დეტალებს იხსენებს. როგორც 33 წლის ფორვარდმა ერთ-ერთ თურქულ ტელეარხს განუცხადა, არსენ ვენგერი სძულს, რადგან ყალბი ადამიანია, ხოლო მის გამო “არსენალის” მიმართაც ცუდი დამოკიდებულება აქვს.

სამაგიეროდ, ჟოზე მოურინიოს ხოტბა შეასხა და ბრძანა, რომ ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც უყვარს.

“მოურინიო ერთ-ერთი იმ მწვრთნეთაგან, რომელიც მიყვარს და ყოველთვის ასე იქნება. უმეტესობა მწვრთნელისა კი, ვინც მყოლია, ყალბი ადამიანები იყვნენ. არსენ ვენგერმა მითხრა, რომ თუ დავრჩებოდი, არ ვითამაშებდი, მაგრამ მე “არსენალიდან” წასვლა არ მინდოდა.

საბოლოოდ, მან სხვა გზა არ დამიტოვა და “მანჩესტერ სიტიში” გადავედი. მაშინ, ვენგერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდიდან ფულის გამო წავედი. იმ დღიდან “არსენალის” მიმართ სიძულვილს ვგრძნობ, მაგრამ არა ქომაგებისადმი, რომლებიც ჯერ კიდევ მღერიან ჩემზე.

როდესაც, ვუყურებ “არსენალს”, მინდა, რომ გაიმარჯვოს, მაგრამ მეორეს მხრივ – არა, ვენგერის გამო.

მოურინიოს ყოველთვის გამარჯვება უნდა და ამას ნებისმიერ ფასად აკეთებს, თუნდაც ავტობუსის, მატარებლის ან თვითმფრინავის ხარჯზე. მუშაობს 24 საათი. ვენგერს კი, მხოლოდ ახალგაზრდებთან მუშაობა მოსწონს, როგორც ჩანს, მასწავლებელია”, - განაცხადა ადებაიორმა.

შეგახსენებთ, ემანუელ ადებაიორი “არსენალში” 2006-2009 წლებში თამაშობდა, ხოლო შემდეგ “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. “მეთოფეთა” წინააღმდეგ პირველივე მატჩში ტოგოელმა გოლი გაიტანა და იმ ტრიბუნასთან მივიდა, სადაც ლონდონელი ქომაგები ისხდნენ. მაშინ, ემანუელის ემოციურ აღნიშვნას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს, ადებაიორი მისი ხელმძღვანელობით 2011 წელს, მადრიდის “რეალში” თამაშობდა.

0.116799