საქართველოს საკალათბურთო “ა” ლიგის პირველი ტური გუშინ ერთი მატჩით დასრულდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “თსუ-ჰიუნდაიმ” ლიგის დებიუტანტ “თბილისს” უმასპინძლა და 90:63 დაამარცხა. ანგარიშში სხვაობა დიდია, თუმცა პირველ ნახევარში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ბრძოლა იყო. თბილისელები მეტოქეს არ რჩებოდნენ და დიდ შესვენებამდე მხოლოდ 9-ქულიანი დეფიციტით მივიდნენ – 32:41.
მატჩში გარდატეხა მესამე პერიოდში მოხდა, რომელიც “თსუ-ჰიუნდაიმ” 30:16 მოიგო. საბოლოოდ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სოლიდური სხვაობით მოიგო და “ა” ლიგის გათამაშება დადებით ნოტზე დაიწყო.
შესანიშნავად ითამაშეს ამერიკელმა ლეგიონერებმა – დანიელ უილიამსმა და ობრი მაკალპინმა. ეს კალათბურთელები ქართველ გულშემატკივარს ემახსოვრება. მაკალპინი წინა სეზონში “დინამოში” თამაშობდა, ხოლო უილიამსმა 2 წლის წინ “კაკტუსს” სუპერლიგაში გადასვლის საქმეში დიდი დახმარება გაუწია. ის გახდა სწორედ მატჩის ბომბარდირი 23 ქულით, მაკალპინმა კი 19 ქულა მოაგროვა. “თსუ-ჰიუნდაის” მესამე ლეგიონერმა – სერბმა სტანოიე კნეჟევიჩმა 16 ქულა და 22 (!) მოხსნა მიითვალა. რაც შეეხებათ თბილისელებს, მათ მარდმა უკანახაზელმა, რევაზ მაღლაფერიძემ ულიდერა 21 ქულით.
თსუ-ჰიუნდაი – თბილისი 90:63
“ა” ლიგის მორიგი მატჩები 22 და 23 იანვარს გაიმართება.
gbf.ge