ფეხბურთი

10:50 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიკა კვანტალიანი პოლონური ექსტრაკლასას გუნდში ითამაშებს

ბათუმის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნიკა კვანტალიანი კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასაში გააგრძელებს. კერძოდ, საფეხბურთო კლუბ "ტერმალიკაში". აღნიშნული ინფორმაცია პოლონურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე არ გახმაურებულა. კვანტალიანი ბათუმის "დინამოში" 2015 წლიდან თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 44 მატჩში 5 გოლის გატანაც მოახერხა.

თავის დროზე კვანტალიანი რამდენიმეკვირიან ტესტებზე "ბარსელონაში" იმყოფებოდა, ხოლო შემდგომ მადრიდის "ატლეტიკოში" გაცილებით მეტი დრო გაატარა.

რაც შეეხება "ტერმალიკას" - ეს გუნდი 1922 წელს დაარსდა, მაგრამ დიდი ტრადიციებით ვერ დაიკვეხნის. ამჟამად 21 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზე იმყოფება და ექსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გუნდის ყველაზე სახელოვანი ფეხბურთელი 35 წლის სლოვაკი მეკარე იან მუხაა, რომელიც სლოვაკეთის ნაკრების კარს წლების განმავლობაში იცავდა. მათ შორის, 2010 წლის მუნდიალზე.

0.117545