კალათბურთი

3:06 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბასკონია" ახლოს მოგებასთან, შენგელია - ორმაგ დუბლთან

ევროლიგის მე-18 ტურში მეტად დასანანი მარცხი განიცადა “სასკი ბასკონიამ”, რომელიც მადრიდში, “რეალს” სტუმრობდა. მთელი მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ლოგიკურიც იყო, რომ გამარჯვებულის ვინაობა საფინალო სირენამდე ორი წამით ადრე გაირკვა.

შეხვედრის დასრულებამდე 22 წამი იყო დარჩენილი, ხოლო ტაბლოზე საყაიმო ანგარიში ფიქსირდებოდა (73:73), რა დროსაც თორნიკე შენგელიამ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. 10 წამის შემდეგ კი, ჩვენებურმა ორქულიანი ისროლა და რომ ჩავარდინილიყო, დიდი ალბათობით, “ბასკონია” მოიგებდა, მაგრამ სამწუხაროდ ქართველის სტყორცნამ მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ, რუდი ფერნანდესმა მადრიდელთა მომდევნო შეტევა შედეგიანი სროლით დაასრულა. ეს მოხდა მატჩის დამთავრებამდე 2 წამით ადრე... ამრიგად, ძალზე დრამატულ დაპირისპირებაში ფორტუნამ “რეალის” მხარეს გადაწონა – 75:73.

რაც შეეხება შენგელიას – ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგ დუბლთანაც ახლოს გახლდათ. თორნიკემ 25:25 წუთში 9 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვა.

ჩვენებურმა 9-დან მხოლოდ 3 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო არ უსვრია, ხოლო 1-დან 1 სამქულიანი კალათში მოათავსა. მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა და “ბასკონიას” რიგებში ამაზე მაღალი მაჩვენებელი არავის ჰქონია. უბრალოდ, ზუსტად იგივე შედეგით დაასრულეს მატჩი ჯეისონ გრანგერმა და როდრიგო ბეუბოისმა (12).

“ბასკონიას” ევროლიგაში 18 ტურის თავზე მეცხრე ადგილი უკავია 8 მოგებითა და 10 წაგებით. ბასკები მომდევნო ტურში 19 იანვარს, “ოლიმპია მილანოს” უმასპინძლებენ.

0.119163