ფეხბურთი

12:50 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “ბევრი ახალგაზრდა დოინჯით თამაშობს”

რაც ლევან ყენიას ემართება, ორი სიტყვით ასე შეგვიძლია შევაფასოთ: სპორტული ტრაგედია. იყო დრო, გერმანული ბუნდესლიგის ტოპ-ტალანტებს შორის მუდმივად ფიგურირებდა, ხოლო 17 წლისა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

2016 წლის აგვისტოდან მოყოლებული, უთამაშებელია. ბარძაყის ტრავმა აქვს. ბოლოს პრაღის “სლავიაში” გახლდათ, ხოლო გასულ ზაფხულს თბილისის “ლოკომოტივთან” გააფორმა კონტრაქტი. კლუბთან, სადაც დაიწყო კიდეც პროფესიული კარიერა და სადაც თავი გააცნო გულშემატკივარს.

- როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ჯერჯერობით, ისევ რეაბილიტაციის პროცესს გავდივარ. როდის დავიწყებ თამაშს, ექიმები ვერ მეუბნებიან. სამწუხაროდ, ძალიან გაიწელა ყველაფერი. “ლოკომოტივთან” კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს. ლექსო თოფურია მხარში მიდგას და მას მადლობა უნდა გადავუხადო.

- შარშან, რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში იყავი, თამაშებს ესწრებოდი და რა სიახლეები დაინახე წინა წლებთან შედარებით?

- ონლაინ-რეჟიმში რეპორტაჟები რომ არის, ეს ძალიან კარგია. ათგუნდიანი სისტემაც უკეთესია, ვიდრე თექვსმეტიანი. თუმცა ბევრი პრობლემა მოსაგვარებელია და ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ უკვე რთული მოსაგვარებელია. ევროპულ სტანდარტებთან შედარებით, საქართველოს ჩემპიონატი იმდენად დაბალ დონეზე დაეცა, რომ მიახლოებაც კი რთული იქნება. გათანაბრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

- რისი ბრალია, რომ კლუბები ასეთ დღეში არიან?

- ეს ერთი ხელის მოსმით არ მომხდარა. მგონი, კითხვა ჩემზე უფროს თაობას უნდა დაუსვათ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში ფეხბურთი უკან-უკან მიდის. ეს რეგრესი ვერავინ ვერ შეაჩერა. ჩემი აზრით, ახლა უკვე იმდენად დაბლა ვართ, რთული იქნება ევროპას დავეწიოთ. დიდი თანხა და ბევრი პროფესიონალი პიროვნებაა საჭირო. პროფესიონალები არა მხოლოდ სათავეში, არამედ ყველა მიმართულებით: ბავშვთა გუნდებში, ფიზმომზადებაში, ფსიქოლოგიაში და ასე შემდეგ.

- ვინც ახალგაზრდაა, ნიჭი აქვს, შრომობს და რეჟიმს იცავს, მათ რას ურჩევდი?

- რასაც ვუყურებ, ბევრ ახალგაზრდასაც ხალისი აქვს დაკარგული. დოინჯით თამაშობენ ფეხბურთს... დისციპლინა ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ ამ ახალგაზრდებმაც ვიღაცისგან ხომ უნდა ისწავლონ და მაგალითი აიღონ?! შედარებით ძლიერი და კონკურენტუნარიანი ფეხბურთელები საქართველოდან გარბიან. მათი რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება.

0.148915