საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანის ჩემპიონატში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა, თუმცა მის გუნდს ქართველი ლეგიონერის მონაგარი მოსაგებად არ ეყო.
ცქიტიშვილის “ბიბლოსმა” სტუმრად “საგესესთან” 82:89 წააგო, ნიკა კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 37 წუთში 14 ქულა, 12 მოხსნა (8 შეტევაში), 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ცქიტიშვილმა 12-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. სარგებლიანობის კოეფიციენტის (20) მიხედვით, ნიკოლოზი მხოლოდ ამერიკელ თანაგუნდელ დევინ ბრუკსს ჩამორჩა, რომელმაც 31 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
“ბიბლოსს” 13 მარცხის ფონზე მხოლოდ 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 იანვარს, შინ, “ლოუაიზესთან” გამართავს.
gbf.ge