გრძელდება მადრიდის “რეალის” კრიზისი, რომელმაც ლა ლიგაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა. სულ კი ესპანეთის ჩემპიონატში მიჯრით მესამე შეხვედრა ვერ მოიგო.
“ბლანკოსმა” “ვილიარეალს” უმასპინძლა, დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო, ბოლოს კი აქეთ გაუშვა და საერთოდ ქულის გარეშე დარჩა.
მადრიდელებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს და მთელი 45 წუთი დომინირებდნენ. ბევრი მომენტი შექმნეს, სტუმართა დაცვა მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო სერხიო ასენხიოს ბლომად სამუშაო ჰქონდა, რომელსაც თავი შესანიშნავად გაართვა. განსაკუთრებით აქტიურობდა კრიშტიანო რონალდუ, რომელსაც ორჯერ ასენხიომ ურთულესი ბურთი აუღო, ხოლო ორ შემთხვევაში პორტუგალიელს მიზანმა დააღალატა. “ყვითელი წყალქვეშა ნავების” კიპერმა აჯობა მარსელოსაც, რომლის შორეული დარტყმა უკუაგდო, ხოლო გარეთ ბეილს ასევე სიზუსტემ უმტყუვნა. ვალენსიელები ფონს კონტრშეტევებით გადიოდნენ და ორ ეპიზოდში ძალიან ცოტა დააკლდათ მიზნამდე, მაგრამ ორივე შემთხვევაში ნაჩომ იყოჩაღა, რომელმაც ჯერ კასტილიეხოს ჩაუჭრა გადაცემა, რომლითაც თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაყავდა, ხოლო შემდეგ ბაკას დარტყმული დაბლოკა და საკუთარი გუნდი უსიამოვნებისგან იხსნა. იყო საკამათო ეპიზოდებიც, მასპინძლები ორ შემთხვევაში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე დენის ჩერიშევს შეეძლო, რომ ყოფილი გუნდის კარი დაელაშქრა, მაგრამ ოდნავ ააცილა. აქტიურობდა კარლოს ბაკაც, მაგრამ ვერც მან მიაღწია საწადელს და ისევ “რეალი” გააქტიურდა. “ბლანკოსი” კვლავ ქმნიდა მომენტებს, კარშიც ბევრს არტყამდა, მაგრამ ასენხიოს ვერაფერს უხერხებდა, რომელმაც შვიდი სეივი ჩაიწერა აქტივში. საბოლოოდ, მადრიდელები გამოუყენებელი მომენტების გამო 87-ე წუთზე დაისაჯნენ: ტონი კროოსმა კუთხური ჩააწოდა, რასაც სტუმართა უსწრაფესი კონტრშეტევა მოჰყვა და დენის ჩერიშევმა მშვენიერი პასით უნეს უნალი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თურქმა ფორვარდმა კეილორ ნავასს ვერ აჯობა, მაგრამ დამატებაზე ფორნალსმა ივარგა, კოსტა-რიკელ კიპერს ბურთი თავზე გადაუგდო და ლამაზი გოლით “ვილიარეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” წინააღმდეგ, ისტორიაში პირველად მოაგებინა - 0:1.
მე-2 ადგილოსანი “ატლეტიკო” “იპარუაზე” “ეიბარს” ეწვია და 3 ქულა ძალიან მძიმე ბრძოლაში მოიპოვა. მადრიდელები 27-ე წუთზე ჩინებული კონტრშეტევით დაწინაურდნენ, ანტუან გრიზმანის გადაცემა კევინ გამეირომ აქცია გოლად. გაშვებული ბურთის შემდეგ ბასკები გააქტიურდნენ და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ჩინებულად მოთამაშე იან ობლაკის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს, რამდენიმეჯერ კი თავად დააკლდათ სიზუსტე. შეხვედრის კულმინაცია 92-ე წუთი იყო, მასპინძელთა შეტევის შემდეგ აუგუსტო ფერნანდესმა საკუთარ საჯარიმოში აშკარად ხელით ითამაშა, თუმცა მსაჯმა “როხიბლანკო” დაინდო და შეხვედრა 0:1 დასრულდა. დიეგო სიმეონეს გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-12 გამარჯვება იზეიმა, საიდანაც 6 მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო.
“ვალენსია” “რიასორზე” “დეპორტივოს” ეწვია და ბოლო წუთებამდე შეხვედრა მისთვის იდეალურად მიჰყავდა. “ღამურებმა” ტაიმი გონსალო გუედეშის გოლით მოიგეს, რომელიც რუბენის შეცდომას მოჰყვა, ხოლო 64-ე წუთზე როდრიგომ რიკოშეტის დახმარებით სხვაობა გაზარდა. სტუმრებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში უყურადღებოდ თამაშობდნენ, თუმცა შედეგზე ეს არ უნდა ასახულიყო, რადგან მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე “ლოს ჩე” ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა ზედმეტი მოდუნების გამო “ვალენსია” კინაღამ მკაცრად დაისაჯა: 88-ე წუთზე სტუმართა დაცვა ჩავარდა და ფლორინ ანდონემ ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა, 93-ე წუთზე კი ვალენსიელთა დაცვამ კიდევ ერთხელ ითამაშა უყურადღებოდ და ადრიანს 100% საგოლე შანსი მიეცა, მაგრამ ხუთი მეტრიდან ისეთი ბურთი ააცილა, რომლის ვერ გატანა უფრო რთული იყო. “ღამურებმა” კი კინაღამ ისეთ შეხვედრაში დაკარგეს ქულები, რომლის ვერ მოგებაც დანაშაულის ტოლფასი იყო – 1:2.
ამრიგად, “ატლეტიკომ” “რეალი” 10 ქულით ჩამოიტოვა, ხოლო “ვალენსიამ” 8 ქულით, თუმცა “ბლანკოსს” ერთი მატჩი თადარიგში აქვს.
ისტორიული გამოდგა დღის მეოთხე შეხვედრა. საქმე იმაშია, რომ “ხირონამ” შინ “ლას პალმასი” მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად, ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა. კატალონიურ კლუბს ტაიმი კრისტიან სტუანიმ პენალტით მოაგებინა და ასეთ ანგარიშს არაფერი მოასწავებდა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე სტუანი კენიელმა ფორვარდმა მაიკლ ოლუნგამ შეცვალა, რომელიც “ხირონას” ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა. ის ამ კლუბის პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ლა ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. გარდა ამისა, ოლუნგა პირველი კენიელი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. 23 წლის ფორვარდი ამით არ დაკმაყოფილდა და ერთი ბურთი პორტუს გაატანინა, ხოლო კიდევ ერთი გოლი ბორხა გარსიას ანგარიშზეა – 6:0.
ხირონა – ლას პალმასი 6:0 (1:0)
გოლები: 1:0 სტუანი (25 პენ.), 2:0, 4:0, 6:0 ოლუნგა (57; 70; 79), 3:0 ბ.გარსია (64), 5:0 პორტუ (74)
რეალი – ვილიარეალი 0:1 (0:0)
გოლი: ფორნალსი (87)
ეიბარი – ატლეტიკო 0:1 (0:1)
გოლი: გამეირო (27)
დეპორტივო – ვალენსია 1:2 (0:1)
გოლი: 0:1 გუედეში (37), 0:2 როდრიგო (64), 1:2 ანდონე (88)