მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “ვილიარეალთან” წაგებით გაკვირვებულია. როგორც ფრანგმა თქვა, ახსნას ვერ უძებნის იმას, რომ მისმა გუნდმა გოლის გატანა უამრავი საგოლე მომენტის მიუხედავად ვერ შეძლო.
“კარგი მატჩი გვქონდა და ვფიქრობ, ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით. უბრალოდ გოლი ვერ გავიტანეთ. ბურთს თითქოს არ სურდა “ვილიარეალის” კარში შესვლა. გვქონდა მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საბოლოოდ, კი დავმარცხდით.
წავაგეთ, თუმცა არ უნდა დავნებდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, მაგრამ ვერ ვხსნი გოლი რატომ ვერ გავიტანეთ”, - განაცხადა ზიდანმა.
“რეალი” 18 თამაშში მოპოვებული 32 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზე იმყოფება. “სამეფო კლუბი” განსაკუთრებით ცუდად ბოლო პერიოდში თამაშობს. მაგალითად, უკანასკნელ ხუთ ტურში “ბლანკოსის” მონაგარი სულ რაღაც 5 ქულაა.