ფეხბურთი

13:22 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტე კვლავ უკმაყოფილოა, ამჯერად მსაჯს აკრიტიკებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამჯერად, იტალიელმა სპეციალისტმა “ლურჯებისა” და “არსენალის” მატჩის მთავარ მსაჯს მარტინ ატკინსონს კვალიფიკაცია დაუწუნა და განაცხადა, რომ არბიტრის მიერ კომპენსირებული დრო საკმარისი არ იყო.

კონტემ ბრალდებას თან არგუმენტებიც დაურთო და განაცხადა, რომ მატჩის მსვლელობის დროს ფეხბუთელებს მედიკოსების დახმარება 2-ჯერ დასჭირდათ, გარდა ამისა დიდი დრო წაიღო ვიდეოგამეორებამ. ამ ყველაფრის ფონზე ანტონიომ მაგალითად იტალიის ჩემპიონატიც მოიყვანა და განაცხადა, რომ მის მშობლიურ ქვეყანაში ამ სიტუაციაში მსაჯები 7, 8 ან 9 წუთსაც კი დაამატებდნენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გუნდს შეეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა ამაში ხელი დროის უკმარისობამ შეგვიშალა. მიმაჩნია, რომ ძირითად დროს 5 წუთზე გაცილებით მეტი უნდა დამატებოდა.

მატჩის დროს ექიმები მოედანზე ფეხბურთელების დასახმარებლად 2-ჯერ შევიდნენ. გარკვეული დრო წაიღო ვიდეოგამეორებამ, ამიტომ დრო, რომელიც მარტინ ატკინსონმა დაამატა, საკმარისი არ იყო. იტალიაში ასეთ შემთხვევაში 7-დან 9 წუთამდე დაამატებდნენ.

საბოლოო შედეგით იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს თამაში ჩვენ უნდა მოგვეგო. ბოლო წუთებში შევქმენით სახიფათო მომენტები, თუმცა გამარჯვება მაინც ვერ მოვიპოვეთ”, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატებისა” და “მეთოფეების” მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ატკინსონმა ძირითად დროს 5 წუთი დაამატა.

0.112735