ფეხბურთი

18:13 | 8.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას ცდილობს

ბელგიური “გენტის” ქართველი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი არ ნელდება. როგორც ბელგიური გამოცემა Hln.be იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძეს “გენტის” მთავარ გუნდში მხოლოდ 8 წუთი აქვს ნათამაშები (“ბრიუგეს” წინააღმდეგ), სამი გუნდი თავისთან ეპატიჟება, აქედან ორი - ინგლისური პრემიერლიგის ბინადარია.

კერძოდ, ჩაკვეტაძით დაინტერესებულნი არიან “ტოტენჰემი” და “ბორნმუთი”, ასევე დონეცკის “შახტარი”. ბელგიური მედიის ინფორმაციით, სამივე გუნდი მზადაა 18 წლის ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები 6 მილიონი ევროს ფარგლებში გამოისყიდოს. აღსანიშნავია, რომ “გენტის” ხელმძღვანელობას ნიჭიერი ფეხბურთელის გასხვისება არ სურს.

აქვე გეტყვით, რომ სანამ ჩაკვეტაძე “გენტის” ფეხბურთელი გახდებოდა, დაახლოებით იგივე ფასში მის შეძენას მიუნხენის “ბაიერნიც” ცდილობდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ქართველი უკვე ბელგიელებთან გახლდათ შეთანხმებული.

ჩაკვეტაძე “გენტს” გასული წლის 30 აგვისტოს 1.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. დღემდე მან მთავარ გუნდში ერთადერთხელ, 1 ოქტომბერს, “ბრიუგესთან” ითამაშა. რამდენჯერმე კი სამატჩო განაცხადშიც იყო. დანარჩენი დრო მან დუბლებში გაატარა, თუმცა დაახლოებით 2 თვე ტრავმის გამო გაუცდა.

0.135904