ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტურის მატჩში, “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” “ლოს ანჯელეს კლიპერსი” გასვლაზე დამაჯერებლად, 16-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.
“მეომრები” მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდნენ. პირველი ტაიმი 64:55 მოიგეს და შესვენებას 9-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, ხოლო მესამე პერიოდში ანგარიში კიდევ 18 ქულით გაზარდეს და უკანაკნელი პერიოდის წინ შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. “კლიპერსმა” შეხვედრის დასკვნით სათამაშო მონაკვეთში სხვაობის შემცირება შეძლო და საბოლოოდ სტივ კერის შეგირდებმა 121:105 იმარჯვეს.
“გოლდენ სტეიტის” სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 13:40 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ზაზამ მეტოქის ფარს 6-ჯერ შეუტია, თუმცა ბურთის კალათში მოთავსება მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა. მან 4-ჯერ ბურთი საკუთარი ფარიდან, ხოლო 1 მეტოქის ფარიდან მოხსნა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 2 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
პარკეტზე საუკეთესო სტეფ კარი იყო, რომელსაც ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა. მან 29:51 წუთში საკუთარ გუნდს 45 ქულა, 6 მოხსნა, 3 გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა. ასევე პროდუქტიულად ითამაშეს ნიკ იანგმა (19:58 წუთი, 11 ქულა, 4 მოხსნა, 1 გადაცემა, 2 ჩაჭრა) და ჯაველ მაკგიმ (13:20 წუთი, 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 ბლოკ-შოტი).
მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი ლოუ უილიამსი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა, 2 მოხსნა, 3 გადაცემა, 1 გადაცემა და 1 ბლოკ-შოტია. ორმაგი დუბლი გაიფორმა დეანდრე ჯორდანმა: 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 გადაცემა, 1 ბლოკ-შოტი.
“გოლდენ სტეიტ უორიორსი” 32 მოგებით და 8 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ხოლო “ლოს ანჯელეს კლიპერსი” ამავე კონფერენციაში 17 მოგებით და 21 მარცხით მე-9 პოზიციას იკავებს.
“მეომრები” მომდევნო მატჩს 9 იანვარს (07:30 საათზე საქართველოს დროით) შინ “დენვერის” წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო “კლიპერსი” ზუსტად ამავე დროს საკუთარ მოედანზე “ატლანტას” დაუპირისპირდება.