ფეხბურთი

17:02 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - დეკემბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

ნოემბერში ჩვენი გამოკითხვა როინ კვასხვაძემ მოიგო, რომელმაც მცირედით აჯობა სოლომონ კვირკველიას, 45.6% - 37.5% წინააღმდეგ.

აქვე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს: ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი) და როინ კვასხვაძე (დეკემბერი).

ახლა კი, 2017 წლის დეკემბრის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ მხოლოდ ოთხი კანდიდატი გვყავს, მარტივი მიზეზის გამო - გასული წლის დასკვნით თვეში ბევრ ჩემპიონატში შესვენება დაიწყო და შესაბამისად, ჩვენებურთა უმრავლესობას თვის მეორე ნახევარში ფაქტობრივად არ უთამაშია. აი, ეროვნული ლიგა კი, საერთოდ ნოემბერში დასრულდა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ჩვენი არჩევანი ასეთია და დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს "თქვენ ირჩევთ"...

დავით სხირტლაძე (“სილკებორგი”, დანია) – დეკემბერში დავით სხირტლაძე კარგად გაისარჯა. 24 წლის შემტევმა 2016 წლის დასკვნით თვეში სულ რაღაც სამი მატჩი ჩაატარა, მაგრამ სამი გოლის გატანა მაინც მოახერხა. ჯერ სუპერლიგაში “რანდერსთან” დუბლი გაიფორმა, მერე დანიის თასზე “ლიუნგბიუც” არ დატოვა გულდაწყვეტილი.

სოლომონ კვირკველია (“ლოკომოტივი”, რუსეთი) – მატჩების მხრივ მწირი გამოდგა დეკემბერი სოლომონ კვირკველიასთვისაც. თუმცა, 25 წლის ფეხბურთელი იმ სამ შეხვედრაში, რომელიც ჩაატარეს მან და მისმა გუნდმა, გამორჩეული იყო. აქედან ორი შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგის ეგიდით ჩატარდა და ორჯერვე ქართველი ტურის სიმბოლურში მოხვდა (მე-19 და მე-20 ტურები). ერთი თამაში კი ევროპა ლიგას მიეკუთვნება. აქვე გეტყვით, რომ კვირკველიამ სექტემბერსა და ოქტომბერში მიჯრით მოიგო გამოკითხვა, ხოლო ნოემბერში მეორე ადგილზე გავიდა.

სანდრო კობახიძე (“ვორსკლა”, უკრაინა) – სხვათა შორის, სანდრო კობახიძე ჩვენი გამოკითხვის ნომინანტი პირველადაა. თუმცა, ამჯერად სავსებით დამსახურებულად. 30 წლის ნახევარმცველმა დეკემბერში ოდენ ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ორი შედევრი შექმნა. სანდრომ ჯერ “ოლექსანდრიას” გაუტანა ულამაზესი გოლი, ხოლო ერთი კვირის თავზე დონეცკის “ოლიმპიკთან” არანაკლები გაისროლა. კარგა ხანია ქართველი ფეხბურთელის შესრულებით მიჯრით ორი ასეთი ბრწყინვალე გოლი არ გვინახავს...

გიორგი მერებაშვილი (“ვისლა”, პოლონეთი) – 3 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე პასი. ასეთია გიორგი მერებაშვილის დეკემბრის მონაგარი. რაც ცუდი სულაც არაა. გიორგის მართლაც გამორჩეული მატჩები ჰქონდა. “შანდეჩას” გოლი გაუტანა, “არკასთან” საგოლე პასს გამორჩა, ხოლო პოლონური ფეხბურთის გრანდ ვარშავის “ლეგიას” დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ვინც ეს თამაში ნახა დაგვეთანხება, გიორგიმ “ლეგიას” მცველებს სისხლი გაუშრო და არაერთ ეპიზოდში გაისარჯა დიდებულად.

0.116882