მილანის “ინტერი” კრიზისშია. არადა, რა კარგად მისდიოდა ლუჩანო სპალეტის და მის ბიჭებს საქმეები? თუმცა, მილანურ გრანდს ბოლო პერიოდში გამარჯვების გემო დაავიწყდა.
“ფიორენტინასთან” (1:1) მატჩის შემდეგ სპალეტი გაცხარდა და საკმაოდ ემოციურად ისაუბრა:
“არ ვიცი, რა ვთქვა. არ ვსაუბრობ, რადგან უნდა წავიდე გასახდელში და ბიჭებს ვუთხრა, რომ მწირი არჩევანი გვაქვს. რა უნდა გავაკეთო? – თქვენ აფასებთ, მე ვფიქრობ სამუშაოზე. ცალსახაა, რომ სირთულეები გვაქვს. მოცემულ მომენტში ჩვენ არ ვართ საუკეთესო კონდიციებში.
ყველას ხედავს, რომ ცენტრალური მცველი გვაკლია და ამას არ სჭირდება დიდი ანალიზი. დედაჩემი, რომელიც 80 წლისაა, ისიც ხვდება ამას. სეზონის დაწყებიდან ვამბობ, რომ ცენტრალური მცველი გვაკლია, არაა საჭირო ათასჯერ ერთიდაიგივე კითხვის დასმა”, - განაცხადა სპალეტიმ Premium Sintes-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მილანის “ინტერი”, რომელიც ერთი თვის წინ სერია A-ს ლიდერობდა, ამჟამად მესამე ადგილზეა. ლიდერ “ნაპოლის” 6, ხოლო “იუვენტუსს” ხუთი ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ “ნერაძურის” კონკურენტებთან შედარებით მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
“ინტერმა” ბოლოს 3 დეკემბერს, “კიევოს” (5:0) მოუგო. მას შემდეგ კი 5 ტური გავიდა და მილანელთა აქტივში 3 ფრე და 2 მარცხია. ამას დაემატა შუალედში იტალიის თასიდან გამოვარდნა, სადაც შავ-ლურჯებმა თანაქალაქელ "მილანთან" წააგეს (0:1).