მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია დოპინგ-სკანდალის წამომწყებს გრიგორი როდჩენკოვს ჯერ არ დაკავშირებია. FIFA არ ცდილობს გაარკვიოს საქმის ვითარება იმ ადამიანთან, რომელმაც რუსი სპორტსმენები დოპინგის მიღებაში ამხილა. აღნიშნული ინფორმაცია როდჩენკოვის ადვოკატმა ჯიმ უოლდენმა AP-სთან საუბრისას გაავრცელა.
"როდჩენკოვს აქვს ინფორმაცია იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც დოპინგს იღებდნენ და ახლა ხელს აფარებენ. გრიგორის აქვს ინფორმაცია თუ როგორ გააყალბეს რუსი ფეხბურთელების სინჯები. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო და პროფესორი მაკლერენი სხვადასხვა ფედერაციების კითხვებს პასუხობენ, თუმცა ერთხელაც არ აღუნიშნავთ, რომ ფიფას ჩემგან ან როდჩენკოვისგან ინფორმაცია უნდოდა." - განაცხადა უოლდენმა.
ჯიმის განცხადებით, ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ განგებ არ ცდილობს რუსი ფეხბურთელები დოპინგის მიღებაში ამხილონ, რადგან ამ შემთხვევაში რუსეთს მუნდიალის წინ იმიჯი შეელახება და ეს ნაბიჯი წამგებიანი იქნება. როდჩენკოვის მონაცემებით 34 რუსი მოთამაშე დოპინგს იყენებდა, მათ შორის იყვნენ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეები.
როგორც FIFA-მ AP-ს 8 დეკემბერს განუცხადა, ანტისადოპინგო სააგენტოსგან 22 ნოემბერს მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც როდჩენკოვს ხელი მიუწვდებოდა სინჯებზე, შესაბამისად მსოფლიოს ფეხბურთის ორგანიზაცია მყისიერად აპირებდა სააგენტოსთან დისკუსიის დაწყებას. როგორც უოლდენმა განაცხადა ერთ თვეზე მეტი გავიდა და FIFA პასიურობს. დოპინგ-სკანდალში რუსი ფეხბურთელების მონაწილეობასთან დაკავშირებით FIFA-ს პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუმცა მან კითხვას თავი აარიდა და განაცხადა, რომ სპეკულაციაში მონაწილეობას არ მიიღებდა.