ინგლისის პრემიერლიგის აუტსაიდერ “სუონსის” მთავარ მწვრთნელად კარლუშ კარვალიალი დანიშნეს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში “შეფილდს” თავკაცობდა.
უელსური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 53 წლის პორტუგალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა და ხელშეკრულებაში მისი ვადის გახანგრძლივებაცაა გათვალისწინებული. ეს კი, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კარვალიალი “სუონსის” პრემიერლიგაში ადგილს შეანარჩუნებინებს. გუნდი 20 ტურში მოპოვებული 13 ქულით ინგლისის ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იმყოფება და უსაფრთხო ზონას ამ დროისთვის 5 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ “სუონსიმ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერთი კვირის წინ პოლ კლემენტი დაითხოვა.