იტალიური “მილანის” მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კარიერა, შესაძლოა, ინგლისში გააგრძელოს. Tuttosport-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელს “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე შეხვდა და ლონდონში გადაბარგება შესთავაზა. თავად ბონუჩის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ გამოცდილი მცველი “როსონერის” დატოვებას აპირებს, რადგან კლუბის ხელმძღვანელთა პროექტების არ სჯერა და საქმისადმი მათი მიდგომით იმედგაცრუებულია. თუმცა, “მილანმა” ეს ინფორმაცია მაშინვე უარყო.
ბონუჩი “მილანმა” მიმდინარე წლის ზაფხულში ტურინის “იუვენტუსიდან” 42 მილიონ ევროდ შეიძინა და მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.
რაც შეეხება კონტესა და ბონუჩის ურთიერთობას, მათ “იუვენტუსში” და იტალიის ეროვნულ ნაკრებში წლების განმავლობაში ერთად უმუშავიათ.