ფეხბურთი

10:30 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

უინტრიგოდ...

სეზონი უკვე კარგა ხანია გახურდა და ეკვატორსაც მიუახლოვდა, მაგრამ ბუნებრივია, საბოლოო შედეგებზე საუბარი ადრეა. უფრო სწორად, ადრე უნდა იყოს, მაგრამ ახლავე შეგვიძლია ვივარაუდოთ რამდენიმე ჩემპიონატის გამარჯვებული.

თქვენს ყურადღებას ტოპ ხუთ ჩემპიონატზე შევაჩერებთ. ხუთიდან ოთხ ლიგაში ჩემპიონობის ბედი ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია. ლიგა 1-ში, ბუნდესლიგაში, პრემიერლიგასა და ლა ლიგაში ჯერ მხოლოდ პირველი წრე მიილია, მაგრამ რად გინდა, საჩემპიონო რბოლა დასრულებულია.

ლა ლიგა – “კლასიკოს” შემდეგ “რეალი” ფაქტობრივად თამაშგარეში დარჩა. 17 ტურის შემდეგ სხვაობა 14 ქულაა ლიდერ “ბარსელონასთან” და მიუხედავად იმისა, რომ “სამეფო კლუბს” თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩემპიონობაზე პრეტენზია გამოთქვას. “ბარსელონა” სხვებთანაც კომფორტულ უპირატესობას ფლობს: 9 ქულა “ატლეტიკოსთან”, 11 – “ვალენსიასთან”.

ლიგა 1 – “მონაკოს” ლიდერობა ერთწლიანი გამოდგა. პსჟ-მ ზაფხულში ჯიბეზე ხელი გვარიანად გაიკრა და საფრანგეთში პირველი ადგილი დაიბრუნა. პარიზელთა უპირატესობა 19 ტურის შემდეგ ძალზე სოლიდურია – 16 მოგება, 2 ფრე და ერთადერთი წაგება. ბუნებრივია, ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უნაი ემერის გუნდი ჩემპიონობას ადვილად გაიფორმებს. პარიზელები ამჟამად “მონაკოსა” და “ლიონს” 9 ქულით უსწრებენ და სიმართლე რომ ვთქვათ, სხვაობის შემცირებაზე მეტად, გაზრდაა მოსალოდნელი.

ბუნდესლიგა – კარლო ანჩელოტის გათავისუფლებამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა ბუნდესლიგაში. იუპ ჰაინკესთან ერთად “ბაიერნი” ძლევამოსილი ისევ გახდა და პირველი წრე ფანტასტიკურად განვლო. მდევარ “შალკესთან” 17 ტურის შემდეგ უპირატესობა 11 ქულაა და ალბათ გერმანიაში ადამიანს ვერ ნახავთ, ვისაც სჯერა, რომ “რეკორდმაისტერი” სეზონის ბოლოს “ვერცხლის სინის” გარეშე დარჩება.

პრემიერლიგა – პრემიერლიგის ლიდერის მონაცემები ყველაზე შთამბეჭდავია: 19 მატჩი, 18 მოგება და ერთი ფრე. პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” იმდენად შეუდარებელია, რომ თვით პრემიერლიგაში, რომელიც თითქოს ყველაზე კონკურენტუნარიანია, საჩემპიონო ბრძოლა მკვდარია. “ქალაქელები” “იუნაიტედს” 13 ქულით უსწრებენ და საქმე ისე მიდის, “სიტი” 13 ქულას მეორე წრეში საერთოდ არ დაკარგავს. ამას ისიც დავუმატოთ, რომ ჟოზე მოურინიოს ბიჭები ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტენ...

სერია A – ერთადერთი, სადაც საჩემპიონო ინტრიგა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ეს იტალიის სერია A გახლავთ. ეგ კი არა, საქმე ისე მიდის, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ალბათ ბოლო ტურამდე გასტანს. მე-18 ტურის მერე ლიდერი “ნაპოლია”, რომელიც ერთი ქულით უსწრებს “იუვენტუსს” და ძალიან ახლოსაა ზამთრის ჩემპიონობასთან. მაურიციო სარის გუნდმა აქამდე ერთდაერთხელ წააგო და ისიც “ბებერ ქალბატონთან”. ამ ორი გუნდის გარდა, ჩემპიონობაზე გაწევას აპირებენ “რომა” და “ინტერი”. მილანელები ლიდერს 5 ქულით ჩამორჩებიან და რომ არა, ბოლო ორ ტურში მარცხი, ლიდერებიც იყვნენ, ხოლო “რომა” 7 ქულიან დისტანციაზეა, მაგრამ ერთი თამაში მარაგში აქვს კონკურენტებთან შედარებით.

მოკლედ, როგორც ხედავთ, ოთხი ჩემპიონი თითქმის ცნობილია. სამაგიეროდ, ერთი ქვეყნის ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი აცხადებს პრეტენზიას...

0.060923