ფეხბურთი

20:44 | 24.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ ებუეს მძიმე ისტორია

ლონდონის “არსენალისა” და კოტ დივუარის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ემანუელ ებუე სიღარიბეში ცხოვრობს. აფრიკელმა ფეხბურთელმა ბრიტანულ Mirror-თან საკმაოდ მძიმე ისტორია მოჰყვა და განაცხადა, რომ ფული საერთოდ აღარ აქვს.

ებუე იხსენებს, რომ სუიციდზე ფიქრობდა და ახლა, მხოლოდ ღმერთის დახმარების იმედი აქვს.

“ყველაფერი დავკარგე. იმის გამბედაობაც არ მაქვს, რომ სახლის კარი გავაღო. თურქეთში თამაშის დროს რვა მილიონი გამოვიმუშავე, მაგრამ ფული მთლიანად ჩემს მეუღლეს მივეცი შვილებისთვის. ახლა კი, როცა არაფერი გამაჩნია, ჩემი სამი შვილის ნახვაც არ შემიძლია. არც ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა მაქვს”, - ამბობს ებუე.

კოტ დივუარელი, რომელსაც თურმე საკუთარი სახლიც აღარ აქვს, მეგობართან რჩება, სადაც იატაკზე სძინავს და ავტობუსით მგზავრობს:

“საწოლში დაძინება მინდა უკვე კარგა ხანია. სარეცხი მანქანის შეძენის შესაძლებლობაც არ მაქვს. ჩემს ტანსაცმელს თვითონ ვრეცხავ და ხელები ისე გამიუხეშდა, მგონია, რომ ფერმაში ვმუშაობ. ძალიან, მეშინია, მხოლოდ ღმერთის დახმარების იმედი მაქვს ამ სიტუაციაში”, - აცხადებს ემანუელი.

აფრიკელ მცველს ნოსტალგიაც მოეძალა და ასეთი რამ განაცხადა:

“ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი ყოფილი გუნდი (“არსენალი” – რედ) დახმარების ხელს გამომიწვდის. შემიძლია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ვიმუშავო. როდესაც ვხედავ ჩემი ექსთანაგუნდელები ისევ ფეხბურთში არიან, მათ გამო ბედნიერი ვხდები და ჩემი მდგომარეობის მრცხვენია. არც იმას დავმალავ, რომ თვითმკვლელობაზე სერიოზულად ვფიქრობდი”, - დასძინა ებუემ.

34 წლის ემანუელ ებუეს ბელგიურ “ბევერენში” (2002-2004), “არსენალში” (2004-2011), “გალათასარაისა” (2011-2016) და “სანდერლენდში” (2016) უთამაშია. კოტ დივუარის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 2004-2013 წლებში 79 მატჩი და 3 გოლია. აქვე გეტყვით, რომ ებუეს ცოტა ხნის წინ შიდსის დიაგნოზი დაუსვეს...

0.139588